11:35 06 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1334
  • 100 RUB4.6010
  • USD3.4399
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური ტემპერატურა პიკს აღწევს (24)
209 0 0

დღეს უკვე ნათელია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც ბოლო სოციოლოგიური კვლევებით საკმაოდ კარგი რეიტინგი ჰქონდა, ნამდვილად და სერიოზულად აპირებს პარტიის შექმნას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

პარლამენტში უკვე გაჩნდა ექვსკაციანი ჯგუფი, რომელთაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ ის საპარლამენტო თანამდებობობიც დატოვეს, რაც უმრავლესობის კვოტით ჰქონდათ მიღებული, და ეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ავტომობილითა და სხვა ამქვეყნიური სიკეთეებით დატვირთული პოსტებია. სავარაუდოდ, გახარიას კვოტით პარლამენტში გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იყოს და თუ რომელიმეს კიდევ გაუჩნდა რაიმეს მიმართ პროტესტის გრძნობა, ეს შემადგენლობა ერთ კარგ შვიდკაციან ფრაქციასაც შექმნის. თუმცა, ეს მაინც არ წყვეტს პარლამენტის ლეგიტიმურობის პრობლემას, რომელსაც ოპოზიცია მაინც ერთპარტიულს უწოდებს.

და, მაინც, რა მიზნები აქვს და როდის განაცხადებს ამის შესახებ გახარია? სავარაუდოდ, მაისის ბოლოს უკვე ცნობილი უნდა გახდეს მისი პარტიის სახელწოდება, მიზნები, ამოცანები და მიზნისკენ სვლის გზები, რადგან ახლადშექმნილი პარტიისთვის 5-6 თვე ნამდვილად საჭიროა, რათა არჩევნებისთვის კარგად მოემზადოს.

ამბობენ, რომ გახარიამ, შესაძლოა, ზუგდიდში ან თბილისში გამოსცადოს საკუთარი რეიტინგი. როგორც ირკვევა, ზუგდიდში მას უეჭველ გამარჯვებას ჰპირდებიან, თბილისში კი, შესაძლოა, უფრო გაუჭირდეს მაკო გომურისა და 20 ივნისის მოვლენების გამო. თავის მხრივ, ბევრი ხმა დადის იმის თაობაზე, რომ თბილისის მერის არჩევნებზე სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი და დიდი გრეჩიხიდან დაწყებული, პატარა პარტიებით დასრულებული, ყველა აპირებს ძალების მოსინჯვას.

ოპოზიციაში ჯერ კიდევ ფიქრობენ, დაუჯერონ თუ არა ყოფილ პრემიერს ოპოზიციური ზრახვები. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სურთ, გახარიას პარტიამ ხმები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ გაუყოს. ბევრს სჯერა, რომ გახარიას პარტია ივანიშვილის გეგმაა „ქართული ოცნების“ იმედგაცრუებული ნაწილისთვის და ის სწორედ მისი მეშვეობით გეგმავს ჯერ მესამე ძალის, შემდეგ კი კოალიციის შექმნას 2024 წელს.

„ჯერჯერობით ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვიდან რაიმე პოლიტიკური პოზიცია არაფერზე მოგვისმენია, ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა “ბ“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის, გვაჩვენონ თავისი მოქმედებებით. თუ მთავრობის უნდობლობას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს უჭერენ მხარს, ძალიან კარგი. ამასთან, გიორგი გახარიამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ჩრდილში ყოფნა და მოლოდინის რეჟიმის შექმნა არასერიოზულად გამოიყურება“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

ხელისუფლებაში კი დარწმუნებული არიან, რომ გახარიას რეალური შედეგის მიღწევა გაუჭირდება და მისი მაღალი რეიტინგი მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობით იყო გამოწვეული. ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკაში მალე საინტერესო სიახლეების მომსწრე გავხდებით. რა ნიშას აირჩევს გახარია, სულ მალე გამოჩნდება. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის რადიკალიზაციის წინააღმდეგია და გუნდიც საკმაოდ მოძლიერებული ჰყავს სხვადასხვა პოზიციებზე.

თემები:
ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური ტემპერატურა პიკს აღწევს (24)

მთავარი თემები