20:05 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (394)
67 0 0

გუშინ მმართველი პარტიის რიგები ექვსმა დეპუტატმა დატოვა, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 წევრი დარჩა.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექვსი დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმაურება და ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს არასწორს უწოდებს. 

გუშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა დატოვა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ. მათი განმარტებით, ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდში გადადიან, ხოლო ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებენ. 

„სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს არ იყო სწორი მოქმედება ბევრი მიზეზის, მათ შორის, იმის გამო, რომ მანამდე არავითარი საუბარი, კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ. 

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა ერთთვიანი დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში (2–26 თებერვალი) პოპულარული ადამიანების რეიტინგში გახარიამ მეორე ადგილი დაიკავა – მის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი მოსახლეობის 65%. პირველ ადგილზეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 89%-ით, ხოლო მესამეზეა თბილისის მერი კახა კალაძე 54%-ით.

 

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (394)

მთავარი თემები