„ეს პასუხისმგებლობისგან გაქცევა არ არის“: კომენტარები მაჭავარიანის გადადგომის შესახებ

© Sputnik / Vladimir Umikashviliივანე მაჭავარიანი
ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადადგომა მზარდ ეკონომიკურ კრიზისს – ლარის კურსის ვარდნასა და ფასების ზრდას დაემთხვა.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ იცოდნენ ივანე მაჭავარიანის სურვილის შესახებ, დაეტოვებინა ფინანსთა მინისტრის პოსტი და ამას პასუხისმგებლობისგან გაქცევად არ მიიჩნევენ, ოპოზიციაში კი ამ გადაწყვეტილებაში კრიზისის გაგრძელება დაინახეს.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა

ივანე მაჭავარიანმა ოთხშაბათს, საღამოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს პოსტი მას თითქმის სამი წელი ეკავა.

„გუნდს ამის შესახებ გვქონდა ინფორმაცია. თავადაც განმარტა განცხადებაში, რომ მას თანამდებობის დატოვება უკვე წლის ბოლოსთვის სურდა, თუმცა პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რომ ახალი პროგრამის შეთანხმებისთვის, მით უმეტეს, პანდემიის კრიზისის პირობებში, ის დარჩა კიდევ რამდენიმე თვე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმაც აღნიშნა, რომ მაჭავარიანის გადადგომას პასუხისმგებლობისგან გაქცევად არ მიიჩნევს.

„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც არასდროს არანაირ პასუხისმგებლობას არ გაურბის. ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება ქვეყნის მართვის, გვაქვს პანდემიის მდგომარეობა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უპირველესი, ეკონომიკა, სოციალური მიმართულება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე კი მინისტრის გადადგომაში კრიზისის ნიშნებს ხედავს.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2019
ივანე მაჭავარიანი - ბიოგრაფია

„ჯერ პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ახლა კი ფინანსთა მინისტრის – მეტყველებს, რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა, და გამოსავალი, სამწუხაროდ, მინისტრების გადადგომა არ არის“, – განაცხადა ბობოხიძემ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადადგომა დაემთხვა ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება – ლარის კურსის ვარდნასა და ფასების ზრდას. ამასთან, მაჭავარიანს გადადგომის მიზეზებზე არაფერი უთქვამს, რამაც მრავალი ჭორი გამოიწვია, მათ შორის, მისი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ. თავად გახარიამ ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ პოლიტიკაში ბრუნდება და თან – ოპოზიციაში.

ყველა ახალი ამბავი
0