12:51 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
132 0 0

მელიას ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას უკვე არ შეუძლია გირაოს გადახდა, რადგან 2020 წლის 3 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება (გირაოს გადახდის დაკისრების შესახებ) არის ანულირებული.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს გადახდის მსურველი გამოჩნდა - ეს არის „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი ბესიკ ბოგველი, განუცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა „პირველ არხს“.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა.  

„ნაციონალურ მოძრაობაში“ „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ბესიკ ბოგველმა წერილი გამოაგზავნა. წერილის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბესიკ ბოგველმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოთქვეს მზადყოფნა, გადაიხადონ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა“, - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას პოზიციაა, რომ აღნიშნული არის მიუღებელი.

„დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც მელიას უფლებადამცველმა განმარტა, დღეის მდგომარეობით, ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება, შესაბამისად, 3 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება (გირაოს გადახდის დაკისრების შესახებ) არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ნებისმიერი პირის მიერ გირაოს გადახდა როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით, რადგან მას შეფარდებული აქვს პატიმრობა.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებაში ავრცელებენ მესიჯს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ეს არის ტყუილი და ეს არის ხელისუფლების მიერ გამოყენებული პროპაგანდა უცხოელი პარტნიორების გასაგონად“, - განაცხად ადვოკატმა.

გიორგი კონდახიშვილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მიმართავს  და სთხოვს მიუთითონ, რა გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია ნიკა მელიას გადაიხადოს თანხა და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია ნიკა მელია პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მისი გათავისუფლების საკითხი მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს.

თავად ბესიკ ბოგველმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში  უარყო, რომ ვინმეს დავალებით მოქმედებს.

კითხვაზე, საიდან მოიძიებს გირაოს თანხას, რომელიც 40 ათას ლარს შეადგენს, ბოგველმა უპასუხა, რომ საჯარო განცხადების გაკეთებასა და ფულის შეგროვებას აპირებს.

„რუსთავი 2" შეეცადა მოეძებნა ინფორმაცია ორგანიზაცია „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" შესახებ, თუმცა საჯარო რეესტრი აღნიშნული დასახელებით ორგანიზაცია არ იძებნება.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბესიკ ბოგველი კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრია. ასევე, მისი Facebook გვერდის მიხედვით, ბესიკ ბოგველი საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასში" ფსიქოლოგად მუშაობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოგველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „სახალხო პარტიის" გორი-კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.

მთავარი თემები