14:36 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
168 0 0

ორიოდე დღის წინ საქართველოს ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს მომლაპარაკებლად ცნობილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია და ფაქტობრივად 31 ოქტომბრის შემდეგ გაბუტული ხელისუფლება და ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლეში მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასვა.

ამ შეხვედრას შეიძლება თამამად ეწოდოს მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, რადგან ეს სწორედ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მიერ დაწყებული დიალოგის გაგრძელებას ჰგავდა. თუმცა უცნაური ის აღმოჩნდა, რომ მხარეებმა ევროპელ სტუმართან მოლაპარაკებებზე თანხმობა დააფიქსირეს, ორკვირიანი ვადაც დათქვეს კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად და შეთანხმების გასაფორმებლად. მაგრამ მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირება დაიწყო. ცნობილია, რომ პიკეტირება და შემდეგ მომიტინგეების დაკავება მაინცადამაინც სასიკეთოდ ვერ მოქმედებს შეთანხმების პროცესზე.

და, მაინც, რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება? ერთ-ერთი მთავარი თემა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გამოშვებაა, რისი რამდენიმე სამართლებრივი საფუძველი ნამდვილად არსებობს და ეს ხელისუფლებას ნამდვილად არ გაუჭირდება, თუ სურვილი იარსებებს. მაგალითად, კახა კუკავა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობს, მელიას ორ-სამ დღეში გაათავისუფლებენო. ვნახოთ, შესრულდება თუ არა ეს პროგნოზი. აქ ყველაზე მეტად სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტის სამედიაციო ფუნქციის გამოყენება შეიძლება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს:

ვადამდელი არჩევნები – ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი დანიშვნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც შექმნა კომისია, რომელიც პარლამენტში საარჩევნო დარღვევებს გამოიძიებს. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ თუ 1 პროცენტის გაყალბებას მაინც დაამტკიცებს ოპოზიცია, ის მზადაა გადადგეს და ვადამდელ არჩევნებზეც თანახმაა. თუმცა ოპოზიციამ შესანიშნავად იცის, რომ ვერაფერსაც ვერ დაამტკიცებს, რადგან თუ რაიმეს დამტკიცება შეეძლოთ, ეს „ცხელ კვალზე“, არჩევნების დროს იყო ყველაზე უკეთ შესაძლებელი. თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ მმართველ გუნდს მხარს არჩევნებზე მოსული მოსახლეობის 48 პროცენტი უჭერს, უმრავლესობის გული კი ან ინდიფერენტულია, ან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტო მოსწონს. ამ ფონზე ყველაზე გონივრული სწორედ საარჩევნო ცვლილებებია.

საკონსტიტუციო ცვლილებები – ცნობილია, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის კონსტიტუციაში 5-პროცენტიანი ბარიერია ჩაწერილი, რაც მოლაპარაკების ერთ-ერთი თემაა. საუბარია როგორც ამ ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევაზე, ასევე საერთოდ ბუნებრივი ბარიერის შემოღებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი, ვინც 1 პროცენტს მაინც აიღებს, პარლამენტში მოხვდება. 5-პროცენტიან ბარიერს კი, დღევანდელი მოცემულობით, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავენ. ახლა ექსპერტები გახარიას პოპულარობის გამო საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა გახარიამ ე.წ. მესამე ძალა შექმნას, რომელიც სრულიად შეცვლის ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს. მაგრამ ჯერ არც არავინ იცის, ბრუნდება კი გიორგი გახარია პოლიტიკაში, თუ მას მხოლოდ ასეთი დემარშით წასვლა სურდა და ამით მოსახლეობის მხრიდან მთავრობის მიმართ არსებული პრეტენზიების გადამისამართება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება. ეს მაშინ, როცა პარლამენტში დღეს 100 დეპუტატიც კი არ არის. რამდენჯერმე გაიჟღერა ხათუნა სამნიძისა და თამარ კორძაიას მხრიდან, რომ ისინი მზად არიან, ერთჯერადად შევიდნენ პარლამენტში და ხმა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს მისცენ. თუმცა პარლამენტში ერთჯერადი მხოლოდ საშვია და ისიც არაა სრულფასოვანი. საქმიან ადამიანებს იქ მუდმივი საშვი აქვთ. ასე რომ, იქ შესვლა, დისკუსიებში მონაწილეობა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სწორედ იმ საკანონმდებლო პროცესის ნაწილია, რის გამოც ხალხმა აირჩია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია.

პლებისციტი – აი, ეს კი გაცილებით მარტივია. „ლელო“ და ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც ჩანს, მუდმივად ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით დაიღალნენ. თანაც, ხელისუფლება ამტკიცებს, ეს წითელი ხაზია, ვადამდელს არ დავნიშნავთ და სხვა რაც გინდათ, მოითხოვეთო. პლებისციტი თემაზე, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – ამაზე ევროპელი დიპლომატებიც საუბრობენ. თუმცა ძალიან მარტივი ლოგიკით, პლებისციტი და შემდეგ ისედაც გეგმური ადგილობრივი არჩევნები ამ კორონაპანდემიის ხანაში შეიცავს როგორც ჯანმრთელობის რისკებს, ასევე ეკონომიურად საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბიუჯეტს.

საარჩევნო ცვლილებები – ყველა ის ცვლილება, რაზეც საუბარი იყო ხელისუფლებასა და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“ შორის მოლაპარაკებისას, უკვე ინიცირებულია პარლამენტში. სავარაუდოდ, ორ კვირაში მათი პირველი მოსმენით მიღებაც შეიძლება. ცვლილებები ნამდვილად სასარგებლოა იმ კუთხით, რომ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში ყველა პარტიის წარმომადგენლობას და ხმების ელექტრონულად დათვლას ითვალისწინებს. წესით, ამ ცვლილებების შემდეგ ოპოზიციამ გაყალბებაზე საუბარს ან თავი უნდა დაანებოს, ან საკუთარ თავს დააბრალოს.

რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია დამატებით ამ ორი კვირის ვადაში, სულ მალე გახდება ცნობილი. მანამდე კი იმ ნაბიჯებზე მოგახსენეთ, რაც უკვე გადაიდგა და მომავალშიც, სავარაუდოდ, გადაიდგმება პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

 

მთავარი თემები