„მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ – შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა შეაფასა

© photo: courtesy of press-service of the Parliament of Georgiaშარლ მიშელი საქართველოში
შარლ მიშელი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
მარტის შუა რიცხვებში ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება. ევროკავშირი ამ დროისთვის მხარეთა შორის მოლაპარაკებაში პროგრესს ელოდება.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ევროკავშირისა და პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

შარლ მიშელის თქმით, შეხვედრაზე ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან მან იგრძნო პრობლემების განხილვისა და ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის მზადყოფნა.

„ევროკავშირის პრიორიტეტი ყოველთვის იყო საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ გვაქვს სამუშაო. დღეს ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა“, – დაწერა მიშელმა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მარტის შუა რიცხვებში ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება.

„ეს იქნება შეხვედრა, რომელზეც ჩვენ განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც სხვადასხვა რთული საკითხების გადაწყვეტის მხრივ იქნა მიღწეული“, – აღნიშნა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზდენტის ინიციატივით, რომელიც თბილისს ოფიციალური ვიზიტით 28 თებერვალს ეწვია, 1 მარტს ოპოზიციასა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა შედგა.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში უწყვეტი საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დასავლელი შუამავლების ორგანიზებით მხარეებს შორის მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ.

ყველა ახალი ამბავი
0