05:11 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
114 0 0

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შედგა ექვსპუნქტიანი ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელსაც შეხვედრის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დასრულდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

შეხვედრაზე, რომელსაც მიშელის გარდა ესწრებოდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შედგა ექვსპუქნტიანი ჩარჩო-დოკუმენტი, რომელსაც შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს. ამ ექვს პუნქტს შორისაა ისეთი საკითხები, როგორიცაა ვადამდელი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატმრების გათავისუფლება, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ძალაუფლების დანაწილება. შემდგომ შეხვედრებზე მხარეებს შორის მსჯელობა სწორედ ამ საკითხების ირგვლივ გაგრძელდება. 

მიშელის თქმით, 16 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც მიმოიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას. მანამდე კი ევროკავშირი ელოდება საქართველოსგან პროგრესს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის კუთხით. ამისათვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს შეხვედრა, რომელზეც, ღარიბაშვილის თქმით, ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს. მაგრამ მომდევნო შეხვედროს თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს, ესაა, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თმით, შედგა კონსტრუქციული შეხვედრა, მხარეებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები და ის უთანხმოებები, რომლებიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არსებობს. მისი თქმით, ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გამართული კონსლუტაციების შემდეგ.

„ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მამართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გვაქვს ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული კითხვები და გავეცი პასუხი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მთავარი რჩევა მდგომარეობდა იმაში, რომ ოპოზიციამ და მთავრობამ უმოკლეს დროში უნდა გამონახოს საერთო ენა, რაც მოქალაქეების ინტერესებს წაადგება.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გასაგებია, რომ თუ ჩვენ გვსურს მივაღწიოთ შედეგს ორივე მხარემ უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ეს შეთანხმება იქნას მიღწეული. ოპოზიციამ ეს პოლიტიკური ნება ამ შეხვედრით ფაქტიურად დაადასტურა. ამავე დროს რა თქმა უნდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენთვის არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მიღწევა რაიმე სახის სამოქმედო გეგმის, თუ როგორ მიდის ქვეყანა წინ, რაც შეეხება დემოკრატიული პროცესის აღდგენას ქვეყანაში“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბნენ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (აკაკი მინაშვილი, სალომე სამადაშვილი), „ევროპული საქართველოს“ (დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია), „ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე), „პატრიოტთა ალიანსის“ (ირმა ინაშვილი), რესპუბლიკური პარტიის (ხათუნა სამნიძე), ლეიბორისტული პარტიის (შალვა ნათელაშვილი), „მოქალაქეების“ (ალეკო ელისაშვილი), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე).

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დასავლელი შუამავლების ორგანიზებით მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა გასულ წელს, მაგრამ უშედეგოდ.

მთავარი თემები