05:06 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (27)
80 0 0

ოპოზიციონერმა აქტივისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერს, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება

თბილისი, 24 თებერვალი  — Sputnik. ქართულმა ოპოზიციამ თბილისიდან რუსთავამდე საპროტესტო ავტომსვლელობა მოაწყო - აქტივისტებმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლება მოითხოვეს, ადგილიდან იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

Автопробег оппозиции из столицы Грузии в Рустави в поддержку Ники Мелия
© Sputnik / Vladimir Umikashvili
ავტომსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად

დასავლეთმა მელიას დაკავება დაგმო – თბილისს პასუხი არ დაუყოვნებია >>

აქტივისტების ავტოკოლონამ გაიარა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე, სადაც მელია წინასწარ პატიმრობას იხდის. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ მელიას მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილზე იმყოფებოდნენ გიგი უგულავა („ევროპული საქართველო“), ხატია დეკანოიძე, ზაალ უდუმაშვილი („ენმ“) და სხვ.

Гиги Угулава. Акция оппозиции в Рустави у здания тюрьмы в поддержку Ники Мелия
© Sputnik / Vladimir Umikashvili
გიგი უგულავა რუსთავში საპროტესტო აქციაზე

„გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას და სოლიდარობას ჩვენი მეგობრის მიმართ, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ, რომელიც დღეს სრულიად უკანონოდ იმყოფება ამ შენობაში, მაგრამ როგორც ხვალინდელი დღის მჯერა, ისე მჯერა, რომ ძალიან მალე ის გამოვა ამ შენობიდან და კვლავ ჩადგება იმ ფერხულში, რომელსაც ჰქვია ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის", - განაცხადა უდუმაშვილმა.

გიგი უგულავა აცხადებს, რომ მათი იქ მისვლა არის გზავნილი, რომ მეგობრებს მარტო არ ტოვებენ.

„ეს არის გზავნილი, რომ ჩვენ ჩვენს მეგობრებს არ ვტოვებთ მარტო. ეს არის გამამხნევებელი შეძახილი. ამ კორპუსში უზით ყველა პოლიტპატიმარი, ნახევრად ამისთვის არის ეს ციხე მოგონილი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდამჭერებმა ჰიმნი შეასრულეს.

საქართველოში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიის ცენტრალურ ოფისში სამშაბათს, დილით დააკავეს. რამდენიმე საათის შემდეგ ოპოზიციამ ქუჩის საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსა. ოპოზიციური პარტიების გეგმებშია პარასკევს ფართომასშტაბიანი აქცია–მსვლელობის გამართვა.

Акция оппозиции в Рустави у здания тюрьмы в поддержку Ники Мелия
© Sputnik / Vladimir Umikashvili
საპროტესტო აქცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად

მელიას დაკავებამ საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დასავლელმა პარტნიორებმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს. მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვედრა შესთავაზა ოპოზიციას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ოპოზიცია.

ნიკა მელია 2019 წლის 20–21 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა შეფარდებული გირაოს მეორედ გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მელიამ ხელისუფლებას ბრალი დასდო პოლიტიკური პროცესებისგან მისი იზოლირების მცდელობაში და სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

თემები:
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (27)

მთავარი თემები