11:24 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
93 0 0

სახალხო დამცველის მანდატი გულისხმობს ყველაზე დაჩაგრული ადამიანების დაცვას, დღეს დაჩაგრულები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ხვდება, იუწყება პირველი არხი.

23 თებერვალს, დილით შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, შტურმის დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი შეუძლოდ გახდა. შსს-ს განცხადებით, პოლიციამ დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

ლომჯარიას თქმით, მელიას დაკავებაში პოლიტიკური მდგენელი ჭარბობს სამართლებრივ მდგენელს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენება ამ შემთხვევაში დაუსაბუთებელია.

„სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს პროკურატურამ, რომ ამ აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება არის გარანტი იმისა, რომ არ დაიმალება ბრალდებული, არ გაანადგურებს მტკიცებულებას, მოწმეებზე ზემოქმედებას არ მოახდენს და არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს. თუ არ არსებობს მტკიცებულებები, დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული ამ ქმედებებს განახორციელებს, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არის დაუსაბუთებელი არა მარტო ნიკა მელიას საქმის, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღეს დილით ნიკა მელიას დაკავებას ლომჯარიამ სამარცხვინო ფაქტი უწოდა. მისი თქმით, ამას აუცილებლად მოჰყვება დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კანონმდებლების წინაშე პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგა, პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა და განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების სპეცოპერაცია დაახლოებით 1,5 საათი გაგრძელდა.

ნიკა მელიას დაკავება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციაზე გააპროტესტეს. ოპოზიციამ 26 თებერვლამდე უწყვეტი პროტესტი გამოაცხადა და პარლამენტთან მდგარ კარვებში მოკრიგეობა დააწესა.

მთავარი თემები