22:39 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ნიკა მელიას ბედი რაც შეიძლება მალე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა ოპოზიციას მისი გათავისუფლების მოთხოვნის უფლება აქვს

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. ოპოზიცური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მაქსიმალურად სწრაფ ვადებში უნდა იქნას მიღებული, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 2019 წლის 20 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა შეფარდებული გირაოს მეორედ გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შსს–მ 18 თებერვალს მელიას დაკავება გადადო, რომლის მიზეზიც პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომა გახდა. 23 თებერვალს, დილით, შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბატონი მელია ჯერჯერობით არის ეჭვმიტანილი, ბრალდებული და არა მსჯავრდებული. ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სასამართლოს“, - განაცხადა სერგეენკომ.

ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა, ისინი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და ნიკა მელიას გათავისუფლება მოითხოვეს.

„რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლებას, ამის მოთხოვნის უფლება აქვთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი, რომელიც მართლაც ერთგვარი მღელვარების გამომწვევია, გაიმიჯნოს პოლიტიკური და საინფორმაციო შემადგენლისგან, გამოძიებამ და სასამართლომ კი მაქსიმალურად სწრაფ ვადებში მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ორშაბათს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაიხსენა, რომ მელია უკვე არის გასამართლებული „ქართუ ბანკის“ საქმეზე და ის ჩვეულებრივი კრიმინალია.

რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციას კიდევ ერთი მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს „ნაცმოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ და მას გაყალბებულს უწოდებენ. თითქმის 2,5 თვეა ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, სერგეენკომ აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნები ასე უბრალოდ, შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ დაინიშნება. ამის ერთადერთი პირობა არსებობს, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთობლივად დეტალურად თუ შეისწავლის, გამოიკვლევს და აღმოაჩენს რამე ცდომილებას, თუნდაც ერთ პროცენტზე მეტს.

„ოპოზიციის მარგინალური ნაწილი ყოველთვის განწყობილი იყო ვითარების ესკალაციისა და დაძაბვისკენ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო პარლამენტს, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო შსს-ს ან პროკურატურას, მათი მიზანი იყო მხოლოდ დაძაბულობის ესკალაცია, რაც არც ერთ ვითარებაში არ არის მისაღები და მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის საქართველო და თუნდაც მთელი მსოფლიო“, - მიაჩნია სერგეენკოს. 

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ მასობრივი დაუმორჩილებლობის და ესკალაციის მომხრეებს იმდენს ვერ მონახავენ, რომ ამან რაღაც დიდი და შეუქცევადი ტალღის ხასიათი მიიღოს.

პარლამენტთან კარვებია გაშლილი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ღამის გათენებას აპირებენ. ღამის გათენების მსურველთათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება 26 თებერვლამდე, როდესაც დაანონსებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. ამ აქციაზე რეგიონების წარმომადგენლებს ელოდებიან.

მთავარი თემები