01:14 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
5701

ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას და რიგგარეშე  საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს, განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

დღეს პარლამენტის წინ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააპროტესტა, ამ დროისათვის აქცია დასრულდა, მაგრამ პარლამენტთან დგას კარვები, რომლებშიც ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ღამის გათენებას აპირებენ.

აქციის მონაწილეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას და რიგგარეშე  საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. ხაზარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, შეუერთდნენ საპროტესტო მოძრაობას.

„ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით, მაგრამ თუ გამოვფხიზლდით, ერთი ნაბიჯით არ იქნება უკან დახევა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ის მოთხოვნები, რომლების ოპოზიციას ხელისუფლების მიმართ გააჩნია.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, მოვუწოდებ ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსს, სასწრაფოდ დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები და, დაე, ქართველმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი, ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ კრიზისიდან“, -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, 40 000 ლარის გადაუხდელობის გამო ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება უპრეცედენტო მოვლენაა.

„დღეს მოხდა უპრეცედენტო რამ... აპატიმრებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერს 40 000 ლარის გამო, როცა ამ შენობაში ბიუჯეტიდან მილიონებს იპარავენ და ამას უბრალოდ შეცდომას ეძახიან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკა მელია 2019 წლის 20 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა შეფარდებული გირაოს მეორედ გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შსს–მ 18 თებერვალს მელიას დაკავება გადადო, რისი მიზეზიც პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომა გახდა. 23 თებერვალს, დილით, შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს „ნაცმოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ და მას გაყალბებულს უწოდებენ. ოპოზიცია ნოემბრიდან საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

 

 

 

მთავარი თემები