11:13 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
54 0 0

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია ამ დილით ჩატარდა. ოპოზიციის ლიდერი პარტიის ოფისში დააპატიმრეს.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და საერთაშორისო პარტნიორებსა და ქვეყნის მოკავშირეებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

23 თებერვალს, დილით შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, შტურმის დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი შეუძლოდ გახდა. პარტიის ოფისთან და ოფისში მელიას ასობით მხარდამჭერი იყო შეკრებილი. სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა.

ერთობლივ განცხადებაში საქართველოში მოქმედი 22 არასამთავრობო ორგანიზაცია გმობს ოპოზიციის ლიდერის დაკავების ფაქტს, რაც, მათი თქმით, კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო.

„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მესამე სექტორის განმარტებით, ქვეყანაში პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ დღეს, როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება  დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, რადგანაც სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს. 

განცხადებას ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და სხვ.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

პოლიცია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის დაკავებას 18 თებერვალსაც შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა – მელიას დაპატიმრება პრემიერ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის გამო გადაიდო.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კანონმდებლების წინაშე პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგა, პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა და განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა.

 

მთავარი თემები