20:35 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
39 0 0

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სამშაბათს, დილით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. მოვლენების ესკალაციაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს, რომლებიც კანონის მიმართ დაუმორჩილებლობას ერთგვარ დემოკრატიულ გზად აფასებენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური ლიდერის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. 

23 თებერვალს, დილით შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, შტურმის დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი შეუძლოდ გახდა. პარტიის ოფისთან და ოფისში მელიას ასობით მხარდამჭერი იყო შეკრებილი. სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა.

თალაკვაძის განცხადებით, როდესაც ვინმე მიიჩნევს, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგსა და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა მისაღებია და ამგვარ ქმედებას გამოხატვის თავისუფლებას უწოდებს, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში აღნიშნულ ფაქტს რეაგირება მოჰყვება.

„მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. იგი წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე, სადაც მას მიეცემა საკუთარი სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

თალაკვაძის თქმით, ყველა კითხვას, რომელიც შეიძლება ოპოზიციის ლიდერის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გაჩნდა, გაეცემა როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხი. ნებისმიერ მხარესთან კომუნიკაციისთვის მზად ვართ და ობიექტურ ინფორმაციას მივაწვდით ყველას, ვინც დაინტერესდება, დასძინა მან.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

პოლიცია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის დაკავებას 18 თებერვალსაც შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა – მელიას დაპატიმრება პრემიერ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის გამო გადაიდო.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კანონმდებლების წინაშე პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგა, პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა და განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა.

 

მთავარი თემები