თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიცია დესტრუქციულობაში დაადანაშაულა და მათ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საკანონმდებლო საქმიანობაში მხოლოდ ექვსი მონაწილეობს, დანარჩენები უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
„ის, რაც ხდება დღევანდელ პარლამენტში, კატეგორიულად მიუღებელია. ის, რომ ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში, არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მსურს მათ მივმართო, რადგანაც ვიცი, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დაიფაროს, დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება და სამუშაო რეჟიმში დისკუსია დაგვეხმარება მათ დახვეწაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება სიმართლის დემონსტრირების გზით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას გაააქტიურებს.
„დამიჯერეთ, ხალხს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს, მაგალითად, საარჩევნო კოდექსის დეტალები და თუ როგორ მოხვდებიან ადამიანები პარლამენტში, თუ ამ შენობიდან და ამ ტრიბუნიდან მათი ხმა არ გაჟღერდება“, – დასძინა მან.
ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ პარლამენტს თავისი პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა, რომელიც მთავრობის ყოფილი მეთაურის გიორგი გახარიას დროს დამტკიცდა და ახლა ის უცვლელი დარჩა.
ამ დროისათვის პრემიერობის კანდიდატი მმართველი პარტიის წარმომადგენლების კითხვებზე პასუხების გაცემისთვის ემზადება.
ამის შემდეგ ღარიბაშვილის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.