ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაურის პოსტზე: პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. იმედი გვქონდა, რომ „ქართული ოცნება” პრემიერის თანამდებობაზე ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს მოლაპარაკებების რეჟიმში გადაიყვანდა, თუმცა, არსებულ რეალობაში ეს ნაკლებად სავარაუდოა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ღარიბაშვილმა შესაძლოა პრემიერის პორტფელი ჩაიბაროს – რა არის ცნობილი პოლიტიკოსზე

გუშინ ყველასთვის მოულოდნელად გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ გახარიას პოსტიდან გადადგომიდან რამდენიმე საათში პრემიერობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

„ღარიბაშვილის პერსონიდან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ ყველასთვის ცნობილია, რაც აისახება მის ქმედებებსა და განცხადებებში. ჩვენი აზრით, პრემიერის რანგში ღარიბაშვილის ხილვა ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მმართველი პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც.

მისი თქმით, თუ ირაკლი ღარიბაშვილი დაპირისპირების გზას აირჩევს და იქნება ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის დავალებების შემსრულებელი, მისი პრემიერობის ხანა, შესაძლოა, საწყის სტადიაზევე დასრულდეს. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას უახლოეს დღეებში გამოუცხადებს

„ირაკლი ღარიბაშვილს, ისევე, როგორც „ქართული ოცნების" ნებისმიერ ლიდერს აქვს არჩევანი – დაპირისპირება თუ შეთანხმება და თანამშრომლობა. ჩვენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. ყველა დაიღალა ამ დაპირისპირების ფონით. თუ მეორე მხარე იქნება აგრესიული და შეეცდება ისევ შტურმით დააკავონ პოლიტიკური ოპონენტები, ამაზე მკაცრ პასუხს მიიღებენ ჩვენგან, საზოგადოებისგან და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგანაც“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მმართველი გუნდი არ ეთანხმება ოპონენტების მოსაზრებას და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ღირსეული კანდიდატია, რომელიც ქვეყანას შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს.

„ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გუნდის გამორჩეული ლიდერია, შესაბამისად, ჩვენგან იმსახურებს აბსოლუტურ მხარდაჭერას. მას ქვეყნის მართვის გამოცდილება აქვს და, არ მგონია, მისი მხრიდან მეტ სიხისტეს ჰქონდეს ადგილი, ვიდრე გახარიას ან სხვა ლიდერების შემთხვევაში იქნებოდა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

მმართველ გუნდში მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია და პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე ნდობას გამოუცხადებს. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
„საუკეთესო პრემიერი ბოლო 20 წლის განმავლობაში“: რეაგირება სოცქსელებში გახარიას წასვლაზე

პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ანუ „ქართული ოცნება“. თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მოაგროვებს 76 ხმას, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, ხოლო მთავრობა ახალი პრემიერის დანიშვნამდე მოვალეობების შემსრულებელი იქნება. მთავრობის მეთაურის მოვალეობებს პირველი ვიცე-პრემიერი შეასრულებს.

პარლამენტს ორი კვირა აქვს, რომ ნდობა გამოუცხადოს ახალ პრემიერსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას. თუმცა, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება უმოკლეს პერიოდში მოხდება.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ გახდება. ეს თანამდებობა მას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე ეკავა.

როგორი იქნება ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0