თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის, შემდეგ კი ბიუროს მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვის ვადა იწურება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევის პროცედურას იწყებს >>
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სურს, პარლამენტი დაკომპლექტებული იყოს და იმუშაოს იმ სახით, როგორითაც ის ხალხმა აირჩია - ოპოზიციასთან ერთად.
„ჩვენ მხარს ვუჭერდით პოლიტიკური დიალოგის პროცესს და დღესაც ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მიცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და საქართველოს პარლამენტი მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე საგაზაფხულო სესიის დასაწყისში, როგორც ეს არაერთხელ აღვნიშნეთ, იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს 27 და 28 იანვარს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს. შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, საკითხს ბიუროს სხდომაზე გაიტანენ, 2 თებერვალს კი საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კენჭს უყრიან.
უფლებამოსილების დათმობას 51 ოპოზიციონერი დეპუტატი აპირებს. მათ საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით გასული წლის ბოლოს მიმართეს.
ესენი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ბლოკის (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტიის“ (1 მანდატი) წარმომადგენლები, ასევე, ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კენჭს იყრიდა პარტია „გირჩიდან“.
პარლამენტში დეპუტატების უფლებამოსილების შესაწყვეტად საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.