09:24 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (299)
62 0 0

„გირჩსა“ და „მოქალაქეებს“, რომელთაც 2020 წლის არჩევნების შედეგებით ჯამში ექვსი მანდატი ერგოთ, ოფიციალურად უარი არ უთქვამთ სადეპუტატო მანდატებზე.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. როდესაც ვთქვით, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრას ვაპირებდით, მას საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია, ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას. 

გასულ კვირაში „გირჩი“ და „მოქალაქეები“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსთან“ დაკავშირებით შეთანხმდნენ ორ მოთხოვნაზე: ყველა შემდგომი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება 0%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობის ფორმირება. მათი აზრით, დაგეგმილმა ადგილობრივმა არჩევნებმა, რომელიც საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება, უნდა აჩვენოს, თუ რამდენად აუცილებელია ქვეყნისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები. 

პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებში დამარცხდება, მან საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილი – პარტიები „გირჩი“ და „მოქალაქეები“ შიდა კონსულტაციების ახალი ეტაპის დაწყებას აპირებდა გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ შეხვედრით. კონსულტაციების მთავარი თემა მმართველ პარტიასთან დაგეგმილი მოლაპარაკებები და ის საკითხი უნდა ყოფილიყო, თუ რა პირობებში იქნება ოპოზიცია თანახმა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში. 

აღნიშნულ საკითხს გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ შედგება, რადგან ის უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება. ასევე ის არასწორად მიიჩნევს ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლას და ფიქრობს, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა იყოს განხილული.

„ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა, მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა და რა შეიცვალა, ეს უნდა ჰკითხოთ გიორგი ვაშაძეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ოპოზიციური პარტიების – „გირჩისა" და "მოქალაქეების" მიერ დაწყებულ შიდა კონსულტაციებს სკეპტიკურად უყურებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.  

„არ მგონია, რომ აღნიშნული წინადადების განხილვა ცალ-ცალკე უნდა მოხდეს. ინდივიდუალური შეხვედრები სწორად არ მიმაჩნია. ახალ-ახალი ინიციატივების გაჩენა და საჯარო სივრცეში ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრის დაწყება მგონია, რომ ემსახურება მთავარი აქცენტის გადმოტანას „ქართული ოცნებიდან" ოპოზიციისკენ", – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან ხუთმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადა. ესენია ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (4 მანდატი) და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი). მათ ცესკოში წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმება მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (299)

მთავარი თემები