05:21 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (306)
177 0 0

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტირება დემოკრატიის იდეას ეწინააღმდეგება.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ოპოზიციას არ აქვს მომავლის ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა გასწიონ ოპონირება, როცა გეგმა არ გაქვს და ძლიერი გუნდი არ გყავს, არჩევნებში მარცხდები, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარტიის ყრილობაზე.

დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართა, რომელზეც ყრილობის დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს. პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 11 იანვარს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.

თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვისთვის, მოლაპარაკების შესაძლო შედეგები კი ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება მეხუთე რაუნდის შესაძლო შედეგებს, იგი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს კვოს… პარლამენტში უკვე შემოსულია პირველი ოპოზიციური პარტია და საქმიანობს. ასევე ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში უკვე არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიცია, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერას უგულებელყოფს და პარლამენტში არ შედის, საუბრობს თითქოს მმართველ გუნდში დაპირისპირებაა. 

„ოპოზიცია ამ „დაპირისპირებაზე“ წლებია საუბრობს და მოგეხსენებათ, ამ საუბრებით სად მივიდნენ. დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს, არის განახლებული და ძალიან პროგრესული. ჩვენ გვაქვს მიზნები, ხედვა და ვიცით, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რა საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მზად ვართ, სათანადოდ ვიმუშაოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა პარლამენტში შესვლის მზადყოფნა გამოთქვეს. დეპუტატებმა ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტია დატოვეს და შექმნეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელწოდებით „ევროპული სოციალისტები“.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში ბარიერის გადალახვა შეძლეს, ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ამ ხნის მანძილზე დასავლელი დიპლომატები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე, ხელისუფლება კი – გარკვეულ დათმობებზე წასვლაზე დაეთანხმებინათ, თუმცა – უშედეგოდ.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (306)

მთავარი თემები