12:06 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის – მიზეზები და რეაქციები (10)
21801

ბიძინა ივანიშვილი ტოვებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს, პარტიის რიგებს, საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკას და კერძო ცხოვრებას უბრუნდება.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილს ავრცელებს.

საკმაოდ ვრცელ განცხადებაში ივანიშვილი მიმოიხილავს საკუთარ მიღვაწეობას და პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს. ერთ-ერთ ფაქტორად ის თავის ასაკს ასახელებს.

„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას“, – წერს ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილის თქმით, პარტიამ მისი ხელმძღვანელობით მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ზოგიერთი ადამიანის იმედები ვერ გაამართლა, რისთვისაც მათ ბოდიშს უხდის.

„რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა“, – აცხადებს ივანიშვილი.

ამის მიუხედავად, ის კმაყოფილია საკუთარი მოღვაწეობით და ხალხის მხრიდან სწორ შეფასებებს ელოდება.

„პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მას იმედი აქვს, რომ საქართველოში, რომელშიც, მისი თქმით, ნაკლებად მოიძებნება დიდი პოლიტიკოსები, ახალი ძალა გამოჩნდება.

„დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით“, – აცხადებს ივანიშვილი.

წერილის ბოლოს ივანიშვილი მადლობას უხდის ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს და თანამოაზრეებს, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს – აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნებს, ასევე საკუთარ ოჯახს, რომელიც, მისი თქმით, მისი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში გაუგონარ შეურაცხყოფას და ცილისწამებას იტანდა.

თემები:
ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის – მიზეზები და რეაქციები (10)

მთავარი თემები