23:18 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
109 0 0

ვაშინგტონში მომხდარმა მოვლენებმა კობახიძეს საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ მომხდარი მოვლენები გაახსენა.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ვაშინგტონში მომხდარი მოვლენები – ეს არის თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

„დემოკრატია გაიმარჯვებს“ - საქართველოს პირველმა პირებმა აშშ-ს მხარდაჭერა გამოუცხადეს >>

ოთხშაბათს დონალდ ტრამპის აჯანყებული მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების დღეს მოხდა. შენობაში სროლის ხმაც ისმოდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, არეულობის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა.

„ძალიან მძიმე იყო ის სურათი, რომელიც გუშინ აშშ-ში ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ეს იყო თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტზე, თუმცა აშშ არის ძლიერი სახელმწიფო, დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი წარიმართება მშვიდობიანად და აშშ-ის კონსტიტუცია სათანადოდ იქნება დაცული“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ვაშინგტონში განვითარებულმა პროცესებმა კობახიძეს გაახსენა ის მოვლენები, რომლებიც საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ განვითარდა. 2019 წლის ივნისში მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, ხოლო პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი.

„მაშინაც იყო შტურმი დემოკრატიულ ინსტიტუტზე და ძალიან მძიმე თავდასხმა სამართალდამცველ ორგანოებზე. მნიშვნელოვანი იყო ის განცხადებები, რომლებიც ამერიკელმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა გააკეთეს, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტებმა, მოქმედმა კონგრესმენებმა და სენატორებმა. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები განცხადებები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ნებისმიერი შეტევა დემოკრატიულ ინსტიტუტზე ძალიან მკაცრად უნდა შეფასდეს როგორც აშშ-ში, ასევე საქართველოში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს უნდა გაითვალისწინოს ქართულმა რადიკალურმა ოპოზიციამაც, რომელიც პერიოდულად ავლენს ასეთ განზრახვებს“, – განაცხადა კობახიძემ.

თავის მხრივ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის დემოკრატიას არაფერი ემუქრება.

„დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფო ინსტიტუტებზე, განსაკუთრებით, საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური დანაშაულია. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ძალიან კარგია, რომ ამერიკელებმა ეს საკუთარი თვალით ნახეს. რა თქმა უნდა, ამერიკულ დემოკრატიას არაფერი ემუქრება, მაგრამ ახლა უფრო ცხადად გამოჩნდება, სად არის ძალადობა და სად – დემოკრატია“, – განაცხადა ხელაშვილმა.

ვაშინგტონში მომხდარი მოვლენების მიუხედავად, აშშ-ის კონგრესმა არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება აღიარა. კონგრესის სხდომა შესვენებების ჩათვლით ათ საათს გაგრძელდა და ისტორიაში ყველაზე გრძელი გახდა.

ცალკეულ შტატებში ხმების დათვლის შედეგების გადახედვის ყველა განაცხადი უარყოფილია. ამჟამად დონალდ ტრამპს არჩევნების შედეგების გასაჩივრების კონსტიტუციური გზა აღარ დარჩა. ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

 

მთავარი თემები