04:06 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
107 0 0

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ განაცხადა, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ სიის წევრები – გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტის დეპუტატები გახდნენ.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლები დღეიდან უკვე წარმოდგენილი არიან პარლამენტში და ამიერიდან მონაწილეობას მიიღებენ სხდომებში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ამის შესახებ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის სამი წევრის – გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე კომენტარისას განაცხადა. სამშაბათს რიგგარეშე სხდომაზე მათი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხზე კენჭისყრა ჩატარდა.

„ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ის მონაწილეობას მიიღებს ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებში და საპარლამენტო საქმიანობაში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე შეუერთდნენ რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომას.

მეორე მხრივ, პარლამენტს მოუწევს სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის შესახებ იმ დეპუტატების განცხადებების განხილვა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ სიებით, ასევე პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადების.

მმართველმა პარტიამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა მანდატების შეწყვეტის თაობაზე საშემოდგომო სესიის ფარგლებში და მათ დაფიქრების დრო მისცა. თუმცა ოპოზიცია მაინც მოითხოვს უფლებამოსილების შეწყვეტას.

მას შემდეგ, რაც მიიღებენ დადგენილებას ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის ცნობად მიღების შესახებ, პარლამენტში წარმოდგენილი იქნება 90 დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ და ოთხი – „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიიდან. პარლამენტს შეიძლება კიდევ დაემატოს სამი დეპუტატი „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩიდან“ და ორი – „მოქალაქეებიდან“. ამ ორ პარტიას ჯერ არც საარჩევნო პარტიული სია გაუუქმებია და არც განცხადება დაუწერია მანდატებზე უარის შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე არც პარლამენტის მუშაობაში იღებენ მონაწილეობას.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად მიიღო. ოპოზიციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში ამომრჩეველზე ზეწოლისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების შედეგად გაიმარჯვა. ამავე დროს, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა სერიოზული დარღვევების გარეშე.

მთავარი თემები