13:35 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
257 0 0

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავმჯდომარე ელექტრონული კენჭისყრით აირჩია.

 

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. წინასწარი შედეგებით,  მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  ნიკანორ (ნიკა) მელია გახდა, ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ორი კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. ისინი პოლიტსაბჭომ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. მოქალაქეებმა არჩევანი სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გააკეთეს. 

პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტრონული კენჭისყრით, პარტიის Facebook-გვერდზე მიმდინარეობდა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21:00 საათზე დასრულდა.

ნიკა მელიამ ხმათა 64.9 % ხმა მიიღო, ლევან ვარშალომიძემ კი - 35.1%. ელექტრონულ კენჭისყრაში 20 ათასზე მეტმა მოქლაქემ მიიღო მონაწილეობა.

მელიას პარტიის თავმჯდომარედ უახლოეს მომავალში გამართულ ყრილობაზე დაამტკიცებენ.

ნიკა მელია პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეა. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობაც ვაკანტური გახდა.

ნიკა მელია  2013-2014 წლებში მთაწმინდის გამგებელი იყო, 2014 წელს კი - თბილისის მერობის კანდიდატი. 2015 წლიდან არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 2016-2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს  პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. 2019 წლის 12 ნოემბერს  მელიას პარლამენტარის უფლებამოსილობა შეუჩერდა.

მელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა –  ძალა ერთობაშია“ გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. 

პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მისმა ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკოსმა საკმაოდ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა თავის Facebook-გვერდზე, სადაც ჩამოთვლილია მიზეზები, რომლებმაც მას ამ „უკიდურესად რთული“ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა. ერთ-ერთი მიზეზი პარტიის გარშემო „ოდიოზური ფიგურების“ გამოჩენა და საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ „გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიაა".

გრიგოლ ვაშაძემ ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე  დატოვა. ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. 

გრიგოლ ვაშაძე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი 2017 წელს გახდა. იგი პარტიის თავმჯდომარის პოსტს 2019 წლის 24 მარტიდან იკავებდა.

 

მთავარი თემები