20:18 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)
14310

არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი 14 პარტია გახდა, თუმცა საბიუჯეტო თანხას მხოლოდ 12 მიიღებს.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პარტიების დაფინანსების შესახებ ოფიციალური განკარგულება გამოსცა.

სახელმწიფო დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი 14 პარტია გახდა, მაგრამ ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ 12 ბარიერგადალახული პარტია მიიღებს.

საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებენ პარტიები „მოქალაქეები“ და „გირჩი“, ვინაიდან მათ ცესკოსთვის შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავთ.

მმართველ გუნდს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი დაფინანსება – 5 140 ათასი ლარი ექნება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი 2 199 635 ლარს მიიღებს. ყველაზე მცირე დაფინანსება – 289 710 ლარი ლეიბორისტულ პარტიას ერგო. დეტალურად იხილეთ აქ.

დღეს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, 150 დეპუტატიდან 88 დეპუტატი ესწრებოდა – მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მმართველი გუნდის კიდევ ორი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და ირაკლი სესიაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები თავისუფალია. პარლამენტში მოხვედრილი რვავე ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ. „სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი", – თქვა კობახიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატიდან 120 პარტიული სიით, 30 კი მაჟორიტარული სისტემით აირჩია.

გუშინ მმართველ პარტიასა და პარლამენტში შესულ რვა ოპოზიციურ პარტიას შორის მოლაპარაკებთა მეხუთე რაუნდი იყო დაგეგმილი, სადაც შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები უნდა განხილულიყო. თუმცა მოლაპარაკებები გადაიდო.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის მხარდამჭერთა აქციის ფონზე გაიხსნა. პარლამენტის სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში სადეპუტატო მანდატებზე უარი საჯარო განცხადებაზე ხელმოწერით დააფიქსირეს. ოპოზიციის ერთობლივ მემორანდუმს ხელი არ მოაწერა ოთხმა პარტიამ – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, „გირჩმა“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „მოქალაქეებმა“.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)

მთავარი თემები