03:01 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)
84 0 0

საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი 10 დღის განმავლობაში მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დანიშნავს

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 დეკემბრის სხდომაზე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, სხდომაზე დაგეგმილია მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შედეგების და საპარლამენტო არჩევნების საერთო შედეგების შეჯამება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. შედეგად, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 17-ში დაინიშნა მეორე ტური. 22 ნოემბერს მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ოპოზიციის კანდიდატებმა უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე, თუმცა ნომინალურად მაინც იყვნენ ბიულეტენებში.

საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დანიშნავს. ამისთვის მას 10 დღე ექნება.

რთული არჩევნები

ოფიციალური შედეგების თანახმად, ქვეყნის მმართველმა პარტიამ პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო.

წინასწარი გათვლებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 90 ადგილი ექნება, რაც მას საშუალებას მისცემს პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩიოს, ჩამოაყალიბოს მთავრობა და მიიღოს ნებისმიერი კანონი, ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე.

რვა ოპოზიციური პარტია და ბლოკი, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, გაინაწილებენ დარჩენილ 60 ადგილს და გავლენის მოხდენას მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და მიწის შესახებ კანონში ცვლილებების მიღებაზე შეძლებენ.

ამასთან, ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენა თავისი გავლენა ცესკოში და არჩევნები გააყალბა. უფრო მეტიც, ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ თავიანთი საპარლამენტო მანდატების გამოყენებას და თავიანთი პროპორციული სიების ჩახსნას აპირებენ.

გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციამ აქტიური კონსულტაციები დაიწყო აქციის მომზადებაზე, რომელიც პარლამენტის სხდომის პირველ დღეს გაიმართება. ის ჩატარდება მეტეხის ტაძრის ეზოში, სადაც პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატები ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომ არ შევლენ პარლამენტში და რიგგარეშე სამართლიან არჩევნებს მოითხოვენ.

ოპოზიციის მხრიდან საბოლოო ბოიკოტამდე, საერთაშორისო შუამავლები - ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოები კვლავ ცდილობენ იპოვონ კომპრომისი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რათა მან მანდატებზე უარი არ თქვას.

მხარეებმა უკვე ჩაატარეს მოლაპარაკებების ორი რაუნდი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით დასრულდა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წინადადებები უნდა წარადგინოს მოლაპარაკებების მესამე რაუნდში, რომლის თარიღი ჯერ არ არის ჩანიშნული.

იმავდროულად, პარლამენტის პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს 13 დეკემბრამდე და თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მას მხოლოდ და მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაესწრება და პარლამენტის მთელ სტრუქტურას თავისი რიგებიდან აირჩევს.

ამ შემთხვევაში პარლამენტში იქნება 90 კაციანი ერთი ფრაქცია, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გამართავს სხდომებს და მიიღებს ყველა კანონს ოპონენტების კრიტიკის გარეშე.

მისი პირველი ორი გადაწყვეტილება იქნება მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება და 2021 წლის ბიუჯეტის მიღება.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)

მთავარი თემები