22:17 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
33610

სულ რაღაც ერთ კვირაში გაირკვევა, ოპოზიციიდან ვინ შევა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.

ჩვენი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრებს 8 დეკემბრისთვის მოსთხოვეს მობილიზაცია. ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტს და აქციების გაგრძელებას გეგმავს. მმართველ გუნდში კი უკვე კომიტეტების თავმჯდომარეების და სხვა საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების საკითხი ირკვევა.

ზოგადად გაცხადებულია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ისევ არჩილ თალაკვაძე გახდება, ვიცე-სპიკერი – თეა წულუკიანი. თუმცა ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები იმასაც ამტკიცებენ, რომ თალაკვაძეს სამომავლოდ აშშ-ში საქართველოს ელჩად ამზადებენ და მალე პარლამენტის თავმჯდომარეობას იუსტიციის ყოფილი მინისტრი გადაიბარებს. ბევრი რამ იმაზეცაა დამოკიდებული, რამდენად გრძელვადიანი აღმოჩნდება მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობა, რომლის ლეგიტიმაციის პრობლემაზე უკვე ბევრს საუბრობენ, ისევე, როგორც მაისში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე.

სახელისუფლებო სპიკერები ნათლად და გარკვევით ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება და ეს სრულიად ლოგიკური და მისაღებია საღი აზრის მატარებელი ადამიანებისთვის. ზამთრისა და კორონაპანდემიის ფონზე, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში შემოსავლები და ეკონომიკური აქტივობა სერიოზულადაა შემცირებული, ქვეყნის ბიუჯეტი კიდევ ერთ არჩევნებს რამდენად დააფინანსებს, რთული სათქმელია.

უკვე ცხადია, რომ ოპოზიციას დასავლეთის და, კონკრეტულად, აშშ-ის დიდი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს ბოიკოტის კუთხით. როცა აშშ-ში ბაიდენის ინაუგურაცია შედგება და ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება, ბუნებრივია, შემდეგ მეტი შანსი არსებობს, შეერთებულმა შტატებმა და, ზოგადად, დასავლეთმა ხელისუფლებას საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესისა და კადრების შეცვლა, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმა მოსთხოვოს, მაგრამ მინიმუმ ორი-სამი თვის განმავლობაში ეს არ მოხდება, ხოლო რამდენად აქვს ქართულ ოპოზიციას რესურსი, რომ ამ ხნის განმავლობაში ბრძოლა გააგრძელოს და სულისკვეთება შეინარჩუნოს, სხვა საქმეა...

გარდა ამისა, თავად ოპოზიციაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ არსებული ჩიხიდან გამოსავალია მოსაძებნი და პარლამენტში არშესვლა, მინიმუმ, ამომრჩევლის უპატივცემულობაა. საუბრობენ ასევე ოპოზიციის მოსყიდვის შესაძლებლობაზე. ოპოზიცია ამბობს, რომ არსებობს სამი თემა, რაზეც ხელისუფლებამ კომპრომისი უნდა მოძებნოს. ესაა ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო კანონისა და ადმინისტრაციის შეცვლა.

არცთუ ისე რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, „ლელოს“ წარმომადგენლები. მაგალითად, ელენე ხოშტარიამ „ლელოს“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ თქვა, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა მოძებნოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და ოპოზიციას შესთავაზოს ადეკვატური კომპრომისი.

რა თქმა უნდა, ყველაზე რადიკალური მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან. საქმე ისაა, რომ სააკაშვილის გათვლებით, ოპოზიციამ ამ არჩევნებში საკონტროლო პაკეტი, ანუ 50 პროცენტზე მეტი მოიპოვა და, შესაბამისად, ოპოზიცია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას და ძალაუფლების ხელში აღებას გეგმავდა. სხვათა შორის, კოალიციური მთავრობის შექმნა და ოპოზიციისთვის რამდენიმე მინისტრის სავარძლის შეთავაზება ახლაც განიხილება, როგორც კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი ვარიანტი. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მომავალი პოლიტიკური პროცესისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მუდმივად იმაზე საუბარი, რომ არჩევნები გაყალბდა.

დასავლეთისთვის საქართველოში სრულფასოვანი პარლამენტის არსებობას და, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესს ნამდვილად აქვს ფასი. ასე რომ, როგორც ჩანს, დიალოგსა და შეთანხმებაში ელჩებს გადამწყვეტი როლი დაეკისრებათ. შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტი, ალბათ, ყოველგვარი რიგგარეშე არჩევნების გარეშე შეიკრიბება, მაგრამ რამდენად სიცოცხლისუნარიანი და ოთხწლიანი იქნება ის, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

მთავარი თემები