გახარია: უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 2 140 210 ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს 1 941 უბანსა და საკარანტინო ზონაში მდებარე 80 სპეცუბანზე გააკეთებს.

თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. რაც უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება, ერთად მუშაობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან არჩევანი იმის სასარგებლოდ გააკეთა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი.

„ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პირველ და მეორე ტურში, პანდემიის დროს, გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა, იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში.  ეს არის როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა, ასევე, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში დღეს საპარლამენტო  არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამჯერად ამომრჩეველი 17 ოლქში საკუთარ არჩევანს იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთებს, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს, საარჩევნო ბიულეტენში ისინი მაინც იქნებიან.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური უბანი.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 2 140 210 ადამიანი.

21 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 9 521  წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 47 345 და 48 საერთაშორისო ორგანიზაციის 920 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით აკრედიტებულია 118 მედიაორგანიზაციის 5 964 წარმომადგენელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0