22:11 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (84)
81 0 0

ქართული ოპოზიცია ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციებს მართავს და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ქართველი ხალხის არჩევანი ვერ გადაიხედება, ამიტომაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

ბურჯანაძე: მე არავის კონსტიტუციური უფლების შელახვას არ ვუჭერ მხარს >>

ქართული ოპოზიცია ორ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. სიტუაციის მოგვარებას დასავლელი დიპლომატიური მისიები ცდილობენ, რომლებიც მხარეებს მოლაპარაკებებზე იწვევენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები არ შეცვლილა.

„კატეგორიულად, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა. ამომრჩევლებმა მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით. ამის გადახედვას, ახალი არჩევნების ჩატარებას და ამ არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არავინ აპირებს. სხვა საკითხებზე ვიმსჯელებთ, ვილაპარაკებთ და გადაწყვეტილებას, ვიმედოვნებთ, მივიღებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არც ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში არ განიხილავს ვადამდელი არჩევნების საკითხს. ამასთან ერთად მდინარაძემ გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან შედეგის მომტანი იქნება.

„ეს შეხვედრები ხდება ჩვენი ფასილიტატორი ელჩების მეშვეობით, მათთან შეთანხმების საფუძველზე. მომდევნო შეხვედრა შეიძლება იყოს უახლოეს დღეებში. მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. ჩვენ ყველას, ვინც პასუხისმგებლობით უდგება მოლაპარაკებების საკითხს, გვიჭირს კონკრეტულ დეტალებზე საუბარი, იმიტომ რომ შეთანხმებაა – იმ დეტალებზე, რაც მოლაპარაკების მაგიდაზეა, ვერ ვსაუბრობთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია შედის: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

წინასწარი გათვლებით, მეორე ტურის შედეგებისგან დამოუკიდებლად, „ქართული ოცნება“ 76 მანდატს (150-დან), საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს.

ასეთი ვითარება ხელს არ აძლევს პარლამენტში გასულ ოპოზიციონერებს, რომლებმაც ბოიკოტი გამოაცხადეს და დეპუტატის მანდატებზე უარი განაცხადეს. გარდა ამისა, ოპოზიციონერმა კანდიდატებმა უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე.

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 ოლქშია დანიშნული, მათ შორის თბილისის რვავე საარჩევნო ოლქში.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (84)

მთავარი თემები