14:24 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
8310

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პომპეოს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და სამოქალაქო სექტორთან.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.

აშშ-ის ოფიციალურ პირს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

ოფიციალურ შეხვედრებს მაიკ პომპეო 18 ნოემბერს გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

მაიკ პომპეო ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროებში. 

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებულ გარემოს უშიშროების კუთხით და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უშიშროების განმტკიცების მიზნით. მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს. 

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 1992 წელს დამყარდა. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირების გაფართოებას და თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგება – 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და დეპუტატის მანდატებზე უარს აცხადებენ.

მთავარი თემები