02:00 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (94)
8301

მიტინგები და აქციები ჩვენი არჩევანი არ არის, ჩვენ გვაიძულეს პროტესტის ასეთი ფორმისთვის მიგვემართა, განაცხადა პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა

თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. პარტია „ერთიანი საქართველო“ მზადაა მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ამ მოლაპარაკების ერთადერთი შედეგი შეიძლება გახდეს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, განუცხადა პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ Sputnik-საქართველოს.

კომპრომისი თუ... ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა? >>

ბურჯანაძის პარტია, რომელიც არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ მოხვდა, შეუერთდა გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციებს, რომელიც ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

გასულ ღამეს პროტესტი პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. პოლიციამ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. დაშავდა 30 ადამიანი - პოლიციელები, აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები, 19 მოქალაქე დააკავეს. 

„მე ყოველთვის ვემხრობი მოლაპარაკების პროცესს და დიალოგს. უკანასკნელი, რასაც მე და ჩემი თანაპარტიელები ვისურვებდით, ისევ ქუჩაში დგომა და მიტინგების ჩატარებაა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. რაც შეეხება მოლაპარაკების პროცესს, აქ ოპოზიცია აბსოლუტურად ერთიანია. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ამ მოლაპარაკების პროცესის ერთადერთი შედეგი უნდა იყოს ახალი არჩევნები“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი სიტყვებით, არჩევნების შედეგები იმდენად გაყალბებულია, რომ ხმების გადათვლაც ვერ ხერხდება, სასამართლო ასობით საჩივრის მიღებაზე განუხილველად უარს ამბობს.

ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დათმობაზე წასვლა, ვინაიდან მას სხვა გზა არ დარჩა.

„როდესაც მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი პროპორციულ სისტემაზე, ჩვენ გვახსოვს, „ქართული ოცნება“ მაშინაც ამბობდა, რომ არ დათმობდა, მაგრამ შედეგად ისინი ხალხის მოთხოვნას დასთანხმდნენ. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ხელისუფლებამ შეაკავოს ის პროტესტი, რომელიც ახლა მოსახლეობაშია. გუშინ, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რუსთაველზე სულ მცირე 35 ათასი ადამიანი გამოვიდა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ გასულ ღამეს აქციის დაშლისას პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რამაც პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანა. მისი სიტყვებით, ყველაფერი იმდენად ცუდადაა, რომ მომხდარის შემდეგ ვერცერთი ოპოზიციური ძალა ვერ გაბედავს „ქართულ ოცნებასთან“ შეთქმულებას, ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს „პოლიტიკური თვითმკვლელობის“ ეფექტი ექნება.

„ამიტომ ოპოზიცია ერთიანი იქნება და მოითხოვს ახალ არჩევნებს, რომელიც სიტუაციას შეარბილებს და ივანიშვილის ერთპიროვნულ მმართველობას წერტილს დაუსვამს“, - ხაზი გაუსვა მან.

დღეს ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის წინ, სადაც, სავარაუდოდ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (94)

მთავარი თემები