14:28 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (86)
39 0 0

ცესკო საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ მხარეებს შორის დიალოგს.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ცესკოს შენობასთან განვითარებული მოვლენები საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმაა, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ და არც არჩევნების მეორე ტურში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიცია მეცხრე დღეა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს მართავს.

როგორც ცესკოში აცხადებენ, 2020 წლის საარჩევნო პროცესები არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი და ამ ეტაპზე სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე საერთო სასამართლოებში.

„სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური მხარეების მხრიდან იკვეთება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ხელშეშლა, რაც, ცხადია, აჩენს კითხვის ნიშნებს. ყოველივე ეს წარმოადგენს დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და არ ჯდება იმ სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც მნიშვნელოვანია პროცესების ნდობის თვალსაზრისით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცესკო მოუწოდებს მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზებას და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხელი შეუწყონ დიალოგს, რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

კვირას, 8 ნოემბერს ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში გამართული აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ცნობით, პოლიციასთან შეტაკების დროს 14 სამართალდამცველი, სამი ჟურნალისტი და 10-მდე აქციის მონაწილე დაშავდა. მათგან რამდენიმეს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, დანარჩენები კი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

გუშინ გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დღეს, 18:00 საათზე განახლდება.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (86)

მთავარი თემები