საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

© Government of Georgiaდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს

თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

ზალკალიანი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევას სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას უკავშირებს.

„ველოდებით მომავალ ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობას ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით“, – დაწერა დავით ზალკალიანმა Twitter-ში.

​ჯო ბაიდენს პრეზიდენტად არჩევა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც მიულოცეს.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ოფიციალური გამარჯვებული ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ დემოკრატების კანდიდატს ამომრჩეველთა კოლეგიის საკმარისზე გაცილებით მეტი - 290 ხმა აქვს, როდესაც გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა. მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს 214 ხმა. 

ტრამპმა ჯერ კიდევ 4 ნოემბრის ღამეს თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ხოლო დემოკრატები „არჩევნების მოპარვის“ მცდელობაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, მან რამდენჯერმე მოითხოვა ხმების დათვლის შეჩერება, რადგან არჩევნების მეორე დღეს ფოსტით მიღებულ ბიულეტენებს უკანონოს უწოდებს.

ტრამპი ამტკიცებს, რომ ბაიდენი აპირებს ჩათვალოს ყველა ხმა, „თაღლითურად მიცემულის“ ჩათვლით. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ გაჩერდება, სანამ „ამერიკელი ხალხი ხმების პატიოსან დათვლას არ მიიღებს“, და საკუთარი პოზიციის დასაცავად სასამართლოში სარჩელებს ამზადებს.

არჩევის შემთხვევაში ბაიდენი ქვეყნის ისტორიაში რიგით 46-ე და ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0