თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არ აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს რეგიონებიდან იწყებს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ლომიას განცხადებით, აქციები მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და სხვადასხვა რეგიონში ერთკვირიანი ან 10-დღიანი შუალედით ჩატარდება. პირველი აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 9 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.
„პატრიოტთა ალიანსი“, როგორც ყოველთვის, ბრძოლის ხაზზეა. არც ერთი პარტია არ ეგუება იმ შედეგებს, რა შედეგიც დადგა არჩევნებზე. აქედან გამომდინარე, ყველა პარტია თავის პროტესტს გამოხატავს და აფიქსირებს იმ პრეტენზიებს, რომელიც საფუძვლიანად გააჩნია. „პატრიოტთა ალიანსი“ ბრძოლას ქუჩის აქციებით აგრძელებს“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.
მისი თქმით, პარტია სხვა ოპოზიციურ ძალებს არ უერთდება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ბრძოლას დამოუკიდებლად გეგმავს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.
ოპოზიცია 8 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.
ცესკო: გადათვლის შედეგად რამდენიმე ოლქში არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა>>>
მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც ადასტურებენ.
საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის შედეგებით ამომრჩეველთა ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ასე განაწილდა: „ქართული ოცნება" – 48,23%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 27,18%, „ევროპული საქართველო“ – 3,79%, „ლელო საქართველოსთვის“ – 3,16%, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, „გირჩი“ – 2,89%, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.