20:42 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)
8910

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ „უკვე იციან“, რომ ოპოზიცია, მიუხედავად ბოიკოტისა, მეორე ტურისთვის ემზადება, თუმცა თავად ოპოზიცია ამას არ ადასტურებს.

თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტი გამოაცხადა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე.

„რაც შეეხება მეორე ტურებისთვის სამზადისს, ჩვენ გვაქვს ადგილობრივი შტაბებიდან შემოსული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას უკვე დაწყებული აქვს მზადება. კახეთიდან, ზუგდიდიდან, თბილისის ოლქებიდან მაქვს ასეთი ინფორმაცია, მათ აქ უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა, მათ შორის აგიტატორების მობილიზაცია და ა.შ. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე „დესტრუქციული მოქმედებების გამო“ ოპოზიციის დასჯის წინადადებითაც გამოვიდა. კერძოდ, ის მიიჩნევს, რომ თუ რომელიმე პარტია უარს ამბობს სადეპუტატო მანდატებზე და პარლამენტში შესვლაზე, მას სახელმწიფო დაფინანსებაც უნდა მოეხსნას.

ბოიკოტის მიუხედავად: „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს>>

„ლოგიკურია მსჯელობა, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა, მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პრივილეგიები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს და მანდატს... კარგი იქნება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვით, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ უპასუხა. მისი თქმით, ოპოზიციის შტაბებში ახლა ნამდვილად ხალხმრავლობაა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ისინი მეორე ტურისთვის ემზადებიან.

„ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, სუს-მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიების შტაბებსა და ოფისებში არის ხალხმრავლობა და მან ჩათვალა, რომ ეს არის მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის. სინამდვილეში ეს ნამდვილად არის მზადება კვირა დღისთვის, რომ ვიყოთ ძალიან ბევრნი, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა მელიამ.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა, ხმათა უმრავლესობა – 48,15% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. „ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ აიღო 27,14%, „ევროპულმა საქართველომ“ – 3,78%, „ლელომ – 3,15%, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3,14%, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3,15%, „გირჩმა“ – 2,89%, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეებმა“ – 1,33%, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1%. დანარჩენმა პარტიებმა ერთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.

ბრალდებები და მოთხოვნები: რა წერია საქართველოს ოპოზიციის მემორანდუმში>>

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციად მიიჩნევენ და მას დესტაბილიზაციის მცდელობასა და სიტუაციის ხელოვნურ გამწვავებაში სდებენ ბრალს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – 2020 (72)

მთავარი თემები