04:24 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
69 0 0

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს გადახდას არ აპირებს. თავად მელია სასამართლო პროცესს არ ესწრება.

თბილისი, 3 ნოემბერი  – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობაზე მსჯელობს, რომლის თანახმადაც პროკურატურა ნიკა მელიასთვის ადრე შეფარდებული გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

ნიკა მელიას უკვე აქვს დაკისრებული გირაო (30 ათასი ლარი) აღკვეთის ღონისძიების სახედ. მელია 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაშია ბრალდებული.

ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტა, ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. მომხდარ ფაქტზე პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა, რომელმაც, თავის მხრივ, თბილისის სასამართლოს მიმართა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმების მოთხოვნის შუამდგომლობით.

„ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობა. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით გამოყენების შესახებ. დამატებითი ღონისძიების სახით ასევე მოთხოვნილია ნიკანორ მელიასათავის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვის დაწესება, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს გადახდას არ აპირებს. თავად მელია სასამართლო პროცესს არ ესწრება. 

გასული წლის ივლისის ბოლოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. დეპუტატს ელექტრონული მეთვალყურეობა დაუწესდა.

ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

 

მთავარი თემები