„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთავრობის ფორმირებაზე

© Sputnik / Levan Avlabreliზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მთავრობის ფორმირებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს, განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ყველა ეგზიტპოლის შემაჯამებელი მონაცემები ცნობილია >>

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ბლოკმა „ძალა ერთობაშია“, რომლის ლიდერია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამომრჩეველთა ხმების 24%-დან 33%-მდე მოიპოვა. ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ – 40%-დან 54%-მდე.

უდუმაშვილის თქმით, წინასწარი დათვლის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.

„არა მხოლოდ სანდო ეგზიტპოლებით, არამედ წინასწარი დათვლის შედეგებითაც უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ არის უმცირესობაში და ოპოზიცია იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში. ახლა მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო გაყალბების მცდელობის მეორე ტალღა“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
არჩევნები - Sputnik საქართველო
ჩხუბი, ინციდენტები და პირველი შედეგები: როგორ ჩაიარა არჩევნებმა საქართველოში

მისი განცხადებით, ოპოზიცია იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე.

ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. თუმცა,  ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის.

მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება,  წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

არჩევნებში 55 პარტია მონაწილეობდა, მათგან შვიდი ორ ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პირველ ბლოკში გაერთიანებული იყო ხუთი პარტია, მეორეში ორი.

არჩევნები - Sputnik საქართველო
Ipsos: რეგიონების მიხედვით მაჟორიტარულ ოლქებში ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%–ს შეადგენდა, ბლოკებისთვის იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც შედის ბლოკში. ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

პარლამენტში 120 ადგილისთვის პროპორციული სისტემით პარტიებიდან და ბლოკებიდან 6 880 კანდიდატი იბრძვის – 1 ადგილზე 57 ადამიანია პრეტენდენტი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0