ჩხუბი, ინციდენტები და პირველი შედეგები: როგორ ჩაიარა არჩევნებმა საქართველოში

© Sputnik / Alex Shlamovარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კენჭისყრა კორონავირუსის პირობებში, ურთიერთბრალდებები, ჩხუბები და კურიოზები - საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა დასრულებულია

3,5 ათასზე მეტ საარჩევნო უბანი დღეს დილის 8 საათზე გაიხსნა. ეს იყო პირველი არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომლებიც პანდემიის პირობებში ჩატარდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ამომრჩეველთა აქტივობისთვის - ბევრ უბანთან საკმაოდ გრძელი რიგები შეინიშნებოდა.

საქართველო ირჩევს დეპუტატებს: ყველაფერი, რაც 2020  წლის არჩევნებზე უნდა იცოდეთ >>

პირველი ხმები

ერთ-ერთმა პირველმა თავისი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებელმა და ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. პოლიტიკოსი უბანზე მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესთან და უმცროს ვაჟთან ერთად მივიდა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხმა მისცა სტაბილურობას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს. მმართველი პარტიის მეთაური დარწმუნებულია, რომ დარწმუნებულია თავისი გუნდის გამარჯვებაში, რომელიც, მისი პროგნოზებით, დაახლოებით 55-60%-ს აიღებს.

„კოალიციას გამოვრიცხავთ, აბსოლუტური უმრავლესობით არა, უმრავლესობით მოვალთ, სოლიდურით. მე ვიქრობ, საშუალოდ 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“, პლიუს-მინუს ორი მანდატი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ საპარლამენტო არჩევნებზე 56,11% შეადგინა

ივანიშვილის შემდეგ ხმა მისცეს ქვეყნის პირველმა პირებმაც - პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი  გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

ოპოზიციის წარმომადგენლებიდან ერთ-ერთმა პირველმა ხმა მისცა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც უბანზე ოპტიმისტური განწყობით მივიდა.

„დარწმუნებულ ვარ, რომ უკვე ხვალიდან ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა - ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისში მისცა.

„პარლამენტი იქნება ისეთი, როგორიც საქართველოში არასოდეს ყოფილა. იქნება მრავალპარტიული, ძალიან განსხვავებული და ძალიან ძნელად სამართავი, რაც არის კარგი. პარლამენტი არ უნდა იყოს რეზინის შტამპი, რომელსაც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ურახუნებს იმ კანონპროექტებს, რომლებიც მას მოსწონს“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ინციდენტები, ჩხუბები, შეხლა-შემოხლა

კენჭისყრის დაწყებიდან ორ საათში სიტუაცია დაიძაბა მარნეულის ოლქში, რომელიც წლიდან წლამდე არჩევნების დროს ცხელ წერტილად მიიჩნევა.

დარღვევების შესახებ პირველი შეტყობინება 52-ე უბნიდან შევიდა, სადაც არეულობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც საარჩევნო კომისიის წევრებმა „ნაცმოძრაობის“ სამი დამკვირვებელი გააძევეს. მხარეები ერთმანეთს შეურაცხყოფებს აყენებდნენ, შემდეგ მუშტი-კრივიც გაიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ინციდენტის გამო დროებით შეწყდა კენჭისყრის პროცესი.

საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
ჩხუბი და შეურაცხყოფა: შსს-მ ექვს სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყო

დღის განმავლობაში სიტუაცია იძაბებოდა ხან ერთ უბანზე, ხან მეორეზე - ხელჩართულ ჩხუბებში გადასული კონფლიქტები პერიოდულად ხდებოდა „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს შორის. მხარეები ერთმანეთს საარჩევნო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. ოპოზიციამ მოითხოვა მე-3 და 89-ე უბნების დახურვა, ასევე ამ უბნებზე კენჭისყრის შედეგების გაუქმება.

მაგრამ ინციდენტები ამით არ ამოწურულა - დღის მეორე ნახევარში მარნეულში სპეცრაზმი გამოჩნდა.

დედაქალაქში ყველაზე მასშტაბური შეხლა-შემოხლა გლდანში მოხდა. ინციდენტის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები - დაშავდა ტელეარხ „ფორმულას“ ოპერატორი და „ტვ პირველის“ ჟურნალისტი.

ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია, რომელიც სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს.

ხმაური იყო სამგორშიც, 39-ე საარჩევნო უბანთან. აქ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა სამაგიდო სიები შენიშნა და ფაქტის ტელეფონით გადაღება სცადა. ამას სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

შსს-ს რეაგირება

კენჭისყრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე შსს-ში ვითარება შეაჯამეს. შსს-ს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების დღეს ცხრა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოვლინდა და დაკავებულია 10 ადამიანი.

შსს: არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე >>

ურთიერთბრალდებები

დღის განმავლობაში ბრიფინგებს მართავდნენ როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ლიდერები. მთელი დღის განმავლობაში ურთიერთბრალდებები ისმოდა. ოპოზიცია აკეთებდა განცხადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან დარღვევების, ზეწოლის შესაძლო ფაქტების და ამომრჩევლების მოსყიდვის შესახებ.

„ქართული ოცნება" გრძნობს გარდაუვალ მარცხს... ისინი უკვე გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიმართ. ყველაზე სამწუხარო აქ ის არის, რომ პოლიცია არ რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე და პოლიცია ჩართული არის ამ ძალიან მძიმე პროცესში“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

დარღვევების შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც საუბრობდნენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები მოუწოდებდნენ თავის მხარდამჭერებს და აქტივისტებს მოთმინებისა და თავშეკავებისკენ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დილითვე განაცხადა, რომ ზოგიერთ ქალაქში შეიარაღებული ადამიანების მობილიზება შეინიშნებოდა, მათ შორის დააფიქსირეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

„დესტრუქციული და რადიკალური პოლიტიკური ძალები შეეცდებიან გარკვეული არეულობის შემოტანას, მაგრამ ვაფრთხილებ ყველას, არავის არაფერი გამოუვა. ვინც რაიმე არასწორ ქმედებას გაბედავს, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები

კენჭისყრის პროცესებთან და გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით რეგულარულ ბრიფინგებს სპეციალურ მედიაცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციები მართავდნენ. გამოვლინდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, უბნიდან დამკვირვებლების გაძევება, კენჭისყრის პროცედურის დარღვევა, ამომრჩევლის არაფორმალური რეგისტრაცია, უბანზე ან მის სიახლოვეს უცხო ადამიანების ყოფნა, კენჭისყრაში მონაწილეობა მარკირების გარეშე, პრობლემები საჩივრების მიწოდებასთან დაკავშირებით, აგიტაცია საარჩევნო უბანზე და საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა.

დარღვევები და ინციდენტები: რა ვითარებაში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები >>

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
მიქანაძე: უბნებთან მობილიზებულია ათობით უცნობი შეიარაღებული ადამიანი

ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ასევე განაცხადეს, რომ უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა დროულად არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. აღნიშნულია, რომ ზოგიერთ უბანზე არ დაუშვეს დამკვირვებლები, ასევე დაფიქსირდა დარღვევები კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას.

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არჩევნებს აკვირდებოდნენ  დამკვირვებლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიდან (ოდირი). პირველ ნოემბერს ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში 47 ათასზე მეტი დამკვირვებელი აკვირდებოდა 48 საერთაშორისო და 120 ადგილობრივი ორგანიზაციიდან,

ამომრჩეველთა აქტივობა

ცალკეულ საარჩევნო უბნებზე დაძაბულმა სიტუაციამ ვერ შეცვალა მოქალაქეთა განწყობა, რომლებსაც საკუთარი არჩევანის გაკეთება სურდათ. წინააღმდეგობა არც კორონავირუსის პანდემიას შეუქმნია. უბნები და კომისიის წევრები საგანგებოდ იყვნენ მომზადებულები. პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა სავალდებულო პირობა იყო.

ცესკო: ყველაზე მეტი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა >>

ბევრ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი გარკვეული სირთულეების ფონზე გრძელი რიგების გამო მიმდინარეობდა. ამასთან დაკავშირებით ცესკომ კენჭისყრის პროცესი 20:00 საათის შემდეგ გაახანგრძლივა. ყველა ამომრჩეველმა, რომელიც რიგში იდგა და უბნების დახურვამდე ხმის მიცემა ვერ მოასწრო, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება მაინც შეძლო.

გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა შეძლეს იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც კორონავირუსის გამო სტაციონარებში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამისათვის 3,8 ათასი უბნიდან გაიხსნა 127 სპეცუბანი, ასევე 11 უბანი მუშაობდა პენიტენციურ დაწესებულებებში. უცხოეთში 38 ქვეყანაში 52 უბანი გაიხსნა.

უბნების დახურვის დროისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათის მონაცემებით 56,11% შეადგინა, კენჭისყრის დღის განმავლობაში საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან 1 970 540–მა მოქალაქემ დააფიქსირა. 

ეგზიტპოლები

ქართულმა ტელეკომპანიებმა შაბათს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს, რომლებმაც აჩვენა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შვიდიდან ათამდე პარტია შევა.

ყველა ეგზიტპოლის შემაჯამებელი მონაცემები ცნობილია >>

ამ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენდა, ბლოკებისთვის - იმდენ პროცენტს, რამდენი პარტიაც შედის ამ ბლოკში.

ყველა ეგზიტპოლში ლიდერობს „ქართული ოცნება“, მეორე ადგილს იკავებს „ძალა ერთობაშია“. თუმცა ეგზიტპოლები აჩვენებენ პრინციპულ სხვაობას პროცენტებში, რომლებიც მმართველმა პარტიამ მოიპოვა.

ოპოზიციური ტელეარხების მიერ შეკვეთილი გამოკითხვებით, „ოცნებას“ შეიძლება დააკლდეს ხმები მთავრობის ჩამოყალიბებისა და დამტკიცებისთვის. ასე მაგალითად, „მთავარ არხზე“ Ipsos-ის მონაცემებით, „ოცნებას“ აქვს 41%, ხოლო „ფორმულა ტვ“-ზე Edison Research-ის მიხედვით - 46%.

ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ტელეარხების მიერ შეკვეთილ ეგზიტპოლებში განსხვავებული მონაცემებია: Survation („რუსთავი 2“) – 52,26%, Public Opinion Strategies („იმედი“) – 55%.

მთავრობის დასამტკიცებლად „ოცნებას“ ესაჭიროება ხმების არანაკლებ 50%-სა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად კოალიციის ჩამოყალიბება შეუძლია და ის მთავრობის ჩამოყალიბების უფლებას მოიპოვებს, ხოლო „ოცნება“ უმცირესობაში დარჩება.

ყველა ახალი ამბავი
0