თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე პირველი დარღვევები დაფიქსირდა, იტყობინება მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის № 5 საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელს უბანზე არ უშვებდნენ.
„მე-5 საარჩევნო უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ უშვებენ. ყველაზე საოცარი ის არის, რომ გადაწყეტილებას არ იღებს არც კომისიის თავმჯდომარე, არც კომისიის მდივანი. კომიიის წევრები არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღებაში. ე.წ.გონგოები პირდაპირ თავს ესხმიან დამკვირვებლებს“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია 20/20-ის წარმომადგენელმა.
თვითმხილველების თქმით კი კონფლიქტი იმის გამო დაიწყო, რომ „ნაძმოძრაობის“ დამკვირვებელი დისტანციას არ იცავდა და საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის პროცესში ერეოდა.
ამ დროისათვის ინციდენტი ამოწურულია, ცესკოში ოფიციალური საჩივარი ჯერ არ შესულა.
ამას გარდა რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა ნინოწმინდაშიც. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, № 37–ე საარცევნო უბანზე ამომრჩეველმა მარკირების პროცედურა უბნის დატოვების დროს გაიარა.
ხოლო ახალქალაქის № 3 უბანზე არაუფლებამოსილი პირები შენიშნეს. ირკვევა, რომ დამლაგებელი და დაცვის თანამშრომელი ამომრჩევლებს სიაში მათი გვარის მოძებნაში ეხმარებოდნენ.
ქუთაისში დარღვევა გამოვლინდა ერთ–ერთი საარჩევნო უბანზეც, რომელიც ნაცვლად 08:00 საათისა, 06:30 საათზე გაიხსნა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს საკანონმდებლო ორგანოში — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით.
მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.