02:02 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (596)
49 0 0

 იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. მოვუწოდებ ამომრჩევლებს, იაქტიურეთ, მიდით არჩევნებზე და გახსოვდეთ, თქვენი არჩევანი კანონია, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

 ჟვანიას განცხადებით, კენჭისყრის შენობებში  გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის კორონავირუსული ინფექციის გავრცელებას. ის მცირე დრო კი, რაც ამომრჩეველს ესაჭიროება ხმის მისაცემად, არ არის რისკის შემცველი და,  პანდემიის მიუხედავად, არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა.

„არჩევნებზე მისვლა, მიუხედავად პანდემიისა, სრულიად უსაფრთხოა. ამომრჩეველს მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას აუცილებლად პირბადის მოხმარება დასჭირდება, თუმცა არქონის შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე მათ უზრუნველყოფენ პირბადით“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით,  არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 657 საარჩევნო უბანი, ასევე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი.

რაც შეეხება იზოლაციაში, კარანტინსა  და სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ ამომრჩეველს, მათთვის ცალკე შექმნილია 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრას და შედეგების დათვლას ცალკე სპეციალური ჯგუფი განახორციელებს.  სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს  სპეციალური უბნები  311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურებიან.

გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნებისთვის მსოფლიოს 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაიმართება.

არჩევნებზე, რომლებიც 31 ოქტომბერს ჩატარდება, ამომრჩევლები ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ, გაიარონ დეზობარიერი და დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. ნიღბის მოხსნა რამდენიმე წამით ორჯერ მოუწევთ – პირადობის მოწმობის წარდგენისას და საარჩევნო კომისიის წევრის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმებისას.

თითოეულ ამომრჩეველს გადაეცემა ინდივიდუალური კალამი, რომელსაც ის სპეციალურ კონტეინერში დატოვებს მას შემდეგ, რაც სასურველ კანდიდატს შემოხაზავს.

შეიცვალა ფარული კენჭისყრის კაბინებიც. კაბინებში აღარ იქნება ფარდები, შესასვლელი კი კედლის მხრიდან ექნება, რათა ფარულობის პრინციპი არ დაირღვეს. ბევრი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ.


თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (596)

მთავარი თემები