არჩევნები გისოსებს მიღმა: როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ქართველი პატიმრები?

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პატიმრებიც.

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება, განუცხადეს Sputnik-საქართველოს ცესკოში.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება. ეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. პარლამენტში აირჩევენ 120 დეპუტატს პროპორციული სისტემით და 30-ს - მაჟორიტარულით.

ციხეებში უბნები ექვს საარჩევნო ოლქში გაიხსნება:

  • გლდანი (თბილისი)
  • თიანეთი (მცხეთა-მთიანეთი)
  • რუსთავი (ქვემო ქართლი)
  • სამტრედია (სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის ოლქი)
  • ქუთაისი (იმერეთი)
  • ბათუმი (აჭარა)

საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, წელს პატიმრების რაოდენობა, რომელთაც არჩევნებზე ხმის უფლება აქვთ, გაზრდილია, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმრებს, არამედ იმათაც, ვინც მძიმე დანაშაულებისთვისაა გასამართლებული.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: როგორ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში სამხედრო მოსამსახურეები

გარდა ამისა, პირები, რომლებსაც ხმის უფლება აქვთ პენიტენციურ დაწესებულებებში, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, ხმას აძლევენ პროპორციული საარჩევნო სისტემით. მხოლოდ იმ პირებს, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ემთხვევა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომლის ტერიტორიაზე პენიტენციური დაწესებულება მდებარეობს, აქვთ შესაძლებლობა ხმა მისცენ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატს.

საარჩევნო კომისიების წევრები, დამკვირვებლები და მასმედიის წარმომადგენლები საპატიმროებში უბნებზე სამუშაოდ 18 ოქტომბრიდან კარანტინში იმყოფებიან და ვალდებული არიან, კორონავირუსზე ტესტი გაიკეთონ.

გარდა ამისა, ყველა, ვინც ციხეებში უბნებზე არჩევნებს დაესწრება, 29 ოქტომბერს კორონავირუსის ტესტს გაიკეთებს.

კომისიის წევრებს კარანტინისა და ტესტირების საფასურს სახელმწიფო აუნაზღაურებს, მასმედიის წარმომადგენლებმა, დამკვირვებლებმა და პარტიების წარმომადგენლებმა კი ეს პროცედურები საკუთარი ხარჯით უნდა გაიარონ.

სულ ერთიან საარჩევნო სიაში დარეგისტრირებულია 3 526 032 ამომრჩეველი. აქ შედიან საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ (14 170).



ყველა ახალი ამბავი
0