20:18 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (401)
66 0 0

როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, „გირჩის“ მხარდამჭერები პარტიის წევრებთან ერთად ბარებში იკრიბებიან, ყიდულობენ სასმელს და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი“ ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, თბილისსა და იმერეთში 16 ოქტომბრიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდა.  წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას – ფიზიკური პირებისთვის 2 ათასი ლარით, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათასი ლარით.

გუშინ ღამით თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე „სახელოსნო ბარი“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 10 ათასი ლარით დააჯარიმა. აღნიშნულ ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა დაწესებულებაში მყოფ პარტია „გირჩის“ წევრებსა და შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებს შორის.

პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რამდენიმე ბარში, მათ შორის „სახელოსნო ბარშიც“, მათი პარტიის საარჩევნო შტაბია გახსნილი, სადაც „გირჩის“ მხარდამჭერები პარტიის წევრებთან ერთად იკრიბებიან, სვამენ ალკოჰოლურ სასმელებს და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ. მისი თქმით, ამის გამო მათ ინსპექტირების დეპარტამენტი დაჯარიმებით ემუქრება, რაც პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლაა.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში „გირჩის“ რამდენიმე  შტაბი ფუნქციონირებს, მათ შორის ამ შტაბის ნაწილი განთავსებულია ბარებში. როგორც იცით, ბარებს ფუნქციონირება აკრძალული აქვთ და ჩვენ ამ ბარებს და მათ მეპატრონეებს, რომლებიც მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები არიან, ვიყენებთ ურთიერთთანამშრომლობისთვის, ანუ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ მივიდნენ ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც მოიხმარენ სხვადსხვა სასმელს, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, გვქონდეს შტაბები და აქამდე არანაირი პრობლემა არ გვქონია. გუშინ ღამე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ორკესტრირებულად შევარდა ჩვენს ყველა შტაბში და რამდენიმე მათგანს დაემუქრა, რომ დააჯარიმებდნენ. ეს ცალსახად არის ჩვენი კამპანიისთვის ხელის შეშლა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერები და ლიდერები შრომის ინსპექციის წარმომადგენლების თავის შტაბებში აღარ შეუშვებენ.

„თავი გაანებონ ყველა ჩვენს შტაბს. ფიზიკურად დავდგებით და ყველა შტაბს დავიცავთ, და ვერც შრომის ინსპექცია შევა და ვერც რომელიმე ახლადგამოგონილი სტრუქტურა. ფიზიკურად არ შევუშვებთ და დასჭირდებათ ჩვენი დარბევა. დღეს დაგეგმილი გვაქვს ღონისძიება რიყეზე, სადაც კვლავ იგეგმება ალკოჰოლის მოხმარება, რომელსაც ადგილზე შეიძენენ. ჩვენ ვართ ეგეთი პარტია და კამპანიას ვატარებთ ასეთი ფორმით. ბარში მოდიან ჩვენი მხარდამჭერი ახალგაზრდები, ჩვენ მათთან ერთად ვსვამთ და ვლაპარაკობთ სხვადასხვა თემაზე, ეს არის ჩვენი კამპანიის შინაარსი ", — განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჯარიმების გაგრძელების შემთხვევაში პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლებს აცნობებს.

პარტია „გირჩი“ საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მონაწილეა, ხოლო მისი დამაარსებელი ზურაბ ჯაფარიძე 30-მა ოპოზიციურმა პარტიამ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

„გირჩი“ პოლიტიკურ სპექტრში ყველა საკითხისადმი, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიისადმი ორიგინალური და უჩვეულო მიდგომით გამოირჩევა. მაგალითად, საარჩევნო უბნებზე მეტი ამომრჩევლის მოსაყვანად პარტიამ განაცხადა, რომ მათ შორის, ვინც 31 ოქტომბერს მივა საპარლამენტო არჩევნებზე და ხმას ნებისმიერ პარტიას მისცემს, Tesla-ს მარკის ავტომობილს გაათამაშებს.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (401)

მთავარი თემები