არჩევნები უსაფრთხო პირობებში: ცესკომ ახალი წესები დაადგინა

© Sputnik / Alex Shlamovცესკოს შენობა
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავრობა არჩევნების დღეს უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, უჩვეულო რეჟიმში გაიმართება: ყველა ამომრჩეველი იქნება პირბადით, ხოლო კომისიის წევრები – დამატებითი დამცავი საშუალებებით.

სექტემბრიდან ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა განსაკუთრებით მოიმატა. 1 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 011 შეადგინა. ამ პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა შვიდჯერ აღემატება 26 თებერვლიდან (ინფიცირების პირველი შემთხვევიდან) 31 აგვისტომდე არსებულ რაოდენობას.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, არჩევნების დღეს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული, რათა მოქალაქეებს არჩევანის გაკეთებაში არაფერმა შეუშალოს ხელი. მისი თქმით, ჯერჯერობით ვითარება კონტროლქვეშაა და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელებამ უფრო რთული ფორმა არ მიიღოს.

ცესკომ ეპიდემიოლოგებთან ერთად კენჭისყრის ჩატარების წესები უკვე შეიმუშავა, რაც უწყების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

არჩევნებზე უსაფრთხოების წესები:

  • არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ყველა შენობაში, სადაც არჩევნები გაიმართება, ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები
  • შესასვლელში დაიდგმება დეზბარიერები
  • კომისიის წევრები, პარტიების წარმომადგენლები, დამკვირვებლები და მასმედიის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს, შენობაში შესვლამდე, გაივლიან თერმოსკრინინგს
  • 37 და მეტი ტემპერატურის შემთხვევაში, განმეორებითი შემოწმების შემდეგ, მათ შენობაში არ დაუშვებენ
  • ამომრჩეველს ტემპერატურას არ გაუზომავენ
  • საარჩევნო უბანზე მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ პირბადით. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება. ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.
  • კომისიის წევრები იქნებიან პირბადეებში, დამცავ ფარებსა და ერთჯერად ხელთათმანებში.

როგორ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა

  • გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა
  • კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული ხელის სადეზინფექციო სითხით
  • ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე იდენტიფიცირების მიზნით
  • მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ რეგისტრატორს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე
  • გაიკეთეთ მარკირება
  • ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის გასწვრივ გააკეთეთ ხელმოწერა რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამავე კალმისტრით ისარგებლეთ ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებისას
  • მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები
  • ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენში/ბიულეტენებში შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი
  • კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აიღეთ სპეციალური კონვერტი და დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები მოათავსეთ მასში
  • სპეციალური კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში
  • ხმის მიცემის პროცესში გამოყენებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტარი დატოვეთ სპეციალურ კონტეინერში
  • კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კენჭისყრის შენობა
  • კენჭისყრის შენობის დატოვებისას ისარგებლეთ გასასვლელში უზრუნველყოფილი ხელის სადეზინფექციო სითხით.
ყველა ახალი ამბავი
0