08:26 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (307)
99 0 0

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბოლო დროინდელი გამოკითხვების მიხედვით, მმართველი პარტია ყველა რეიტინგის უდავო ლიდერია. მისი თქმით, „ოცნების“ საპროგნოზო მაჩვენებელი 63%-ს აჭარბებს.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება  - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა.

ბოლო დროს გახშირდა შეტაკებები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის. თავიდან ვნებათაღელვა უყო მარნეულის ოლქში, შემდეგ კი ზუგდიდში. იყო შეხლა-შემოხლა თბილისშიც. ორივე მხარე ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებს.

„მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან გახშირდა პროვოკაციები, რასაც წამოეგნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. არის საფრთხე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ასეთი ხასიათის ძალადობრივი დაპირისპირებები უფრო გახშირდეს.

„როდესაც კონფლიქტი ხდება, ძნელია იმის გარჩევა, ვინ არის ინიციატორი და ვინ - პროვოკაციის მსხვერპლი. ეს განსაკუთრებით ძნელია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვინც არჩევნებს აკვირდება და ვისი შეფასებებიც საარჩევნო პროცესის თაობაზე  ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მან თავშეკავებისკენ მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით კი „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს.

„ნუ აყვებით პროვოკაციებს, ნუ მივცემთ რადიკალურ ჯგუფებს იმის საშუალებას, რომ დააზიანონ საარჩევნო გარემო და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ძალადობა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, ხოლო „ქართული ოცნება“ ყოველთვის ემიჯნებოდა ძალადობას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროინდელი გამოკითხვების მიხედვით, მმართველი პარტია ყველა რეიტინგის უდავო ლიდერია. მისი თქმით, „ოცნების“ საპროგნოზო მაჩვენებელი 63%-ს აჭარბებს.

„უდავო ფაქტია, რომ ჩვენ ამჟამად ძალზე მყარი პოზიციები გვაქვს. „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან დაკავშირებით, მან მხარდამჭერებს მოუწოდა არა დამატებითი ხმების მობილიზაციისკენ, არამედ სიმშვიდისკენ.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ შეძლოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, განსაკუთრებით "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ნუ ავყვებით პროვოკაციებს, გამოვიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება, მოვთოკოთ ემოციები, რომ  მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება საქართველოს წარმატებისთვის“, - დაასკვნა ივანიშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წინასწარი შედეგები უკვე 1 ნოემბერს დილით გახდება ცნობილი. ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ შედეგების ფალსიფიცირების შემთხვევაში თავის ხმებს ბოლომდე დაიცავს. გარდა ამისა, არჩევნების პროცესს და ხმების დათვლას ყურადღებით დააკვირდებიან საერთაშორისო დამკვირვებლები. მათ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, აღიარებს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში გამართულ არჩევნებს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (307)

მთავარი თემები