თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უახლოეს დღეებში აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან სატელეფონო საუბარს გეგმავს და შესაძლებლობისთანავე მზადაა ქვეყანაში ეუთოს მინსკის ჯგუფის სხდომას უმასპინძლოს.
„დროა პრეზიდენტებთან საუბრები შედგეს, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი.. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ორივე მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებით ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს. ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა და განვითარება მშვიდობასა და სტაბილურობაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.
სახელმწიფო მეთაურის თქმით, ოფიციალური თბილისი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოებს, რათა თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლი.
„ორივე მხრიდან შეიმჩნევა განცხადებები ეუთოს მინსკის ჯგუფის ამოქმედების მზადყოფნისთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ სხდომის გამართვას, თუნდაც საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც მათთვის მისაღებია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. აქტიური საომარი მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.