16:07 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
93 0 0

მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა მიმართულია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, სიღარიბის დაძლევისა და სამუშაო ადგილების შექმნისკენ

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავარი პრობლემა სიღარიბეა, მაგრამ ჩვენ არასდროს ვაღიარებთ, რომ ეს „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა  საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.

მმართველმა გუნდმა პარტიის პროგრამის წარდგენა 1 ოქტომბერს დაამთხვია. 8 წლის წინ, ამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ხელისუფლებაში მოვიდა – მან ქვეყნის მართვის სადავეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ გადაიბარა. 

ივანიშვილმა პროგრამის წარდგენამდე „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შედარებითი ანალიზი გააკეთა, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის მთავარი ოპონენტია.

პარტიის ლიდერმა ყოფილი მმართველი პარტიის ყველა კრიტიკას უპასუხა, სტატისტიკური მონაცემები მოიშველია, რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმატებებს უსვამდა ხაზს და აღნიშნა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ „მორალურ ტერორს“ აგრძელებდა და რევანშისთვის მმართველი პარტიის „უნებლიე შეცდომებს“ იყენებდა. თუმცა, ერთი პრობლემა  მმართველი პარტიის ლიდერმა არ უარყო.

 „არსებობს საკითხი, რაშიც ვეთანხმებით უკლებლივ ყველა ოპონენტს და რაც ობიექტურ რეალობას ასახავს.  ეს არის, ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე. კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი და უმუშევარი მოქალაქე. ვიცით, რომ უამრავ ადამიანს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. დიახ, ჩვენ ვაღიარებთ სიღარიბის არსებობას, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

ამასთან, მან  დაასახელა სიღარიბის ის პრობლემები, რომლებიც ათეული წლების მანძილზე დაგროვდა და ისაუბრა პარტიის  მმართველობის მიღწევებზე.

 „ჩვენ რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ მისი 20-წლიანი დაღმასვლის შეჩერება. 400 ათასამდე მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან, თუმცა, კიდევ გვრჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 700 ათასზე მეტი ადამიანი და ეს ძალზე დიდი ციფრია“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ 8–წლიან მმართველობას, პარტიის თავმჯდომარემ მთავარ მიღწევად პოლიტიკური მიდგომის ცვლილება დაასახელა.

 მან „ქართული ოცნების“ მმართველობას „სტაბილურობისა და დემოკრატიის განვითარების“ პერიოდი და „ყველაზე მშვიდობიანი პერიოდი“ უწოდა.

რაც შეეხება თავად პარტიის პროგრამას, იგი წარადგინეს მოქმედმა მინისტრებმა, რომლებმა დაწვრილებით ისაუბრეს შესაბამის სფეროებში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, სიღარიბის დაძლევისა და სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები