თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარ კონფლიქტთან დაკავშირებით უშიშროების რეგიონული საბჭოს შექმნის წინადადებით გამოდის, რომელშიც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა შევა.
როგორც ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიწყონ მოლაპარაკებები, რადგან არასტაბილურობა რეგიონში „ზოგიერთი ქვეყნის“ ინტერესებს პასუხობს.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საბჭოში ყველა რეგიონულ საკითხს შუამავლის გარეშე სამი ქვეყანა – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გადაწყვეტს.
„ჩვენს საზღვრებთან სულ ახლოს განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი ომი ყარაბაღში. მოვუწოდებ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს, შეწყვიტეთ სისხლისღვრა, ნუ შეიწირავთ ახალგაზრდებს მამათა ცოდვების თუ დანაშაულების გამო, მიუსხედით მოლაპარაკების მაგიდას. მოვუწოდებ ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ხელისუფლებებს, შევქმნათ ამიერკავკასიის უშიშროების საბჭო შტაბ-ბინით თბილისში და ყველა სადავო საკითხი, ყველა კონფლიქტი გადავწყვიტოთ იქ, ყოველგვარი შუამავლების გარეშე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ომი საკითხს არ წყვეტს, არამედ მხოლოდ ამძიმებს მდგომარეობას.
„თუ საჭირო გახდა“, ერევანი ყარაბაღში „ისკანდერებს“ და გამანადგურებლებს გამოიყენებს>>
ნათელაშვილმა ასევე დასძინა, რომ ურიგო არ იქნება საბჭოში ევროკავშირის მოწვევაც, რომელიც დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობითა და უსაფრთხოებით.