ვინ გახდება პრემიერი? ახალმა კვლევამ პარტიების გამარჯვების შანსები შეაფასა

© Sputnik / Alexander Imedashviliაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას რთული და საინტერესო ბრძოლა ელოდებათ.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე 45 დღით ადრე ტელეარხმა „ფორმულამ“ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

გამოკითხვა Edisson Research-მა 25 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე პერიოდში ჩაატარა. სულ გამოიკითხა 2 850 ადამიანი. ცდომილება შეადგენს +/-2%-ს.

მორიგმა კვლევამ, პრინციპში, იგივე სურათი აჩვენა, რაც აგვისტოში ჩატარებულმა დანარჩენმა კვლევებმა. პირველ ადგილზეა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, მეორეზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მესამეზე - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“. განსხვავება მხოლოდ პროცენტებშია. 

კვლევა ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის

Edisson Research-ის გამოკითხვა

(25 აგვისტო – 7 სექტემბერი)

38% 15% 6%
NDI-ს გამოკითხვა
(6–11 აგვისტო )
17% 5%  –––

GORBI-ს გამოკითხვა

(19–28 აგვისტო)

56,3% 11,9% 4,8%
Survation-ის გამოკითხვა
(26 აგვისტო – 2 სექტემბერი)
52% 19% 8%

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, Edisson Research-ის კვლევების მონაცემები პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა კვლევების შედეგებისგან და, 1%-იანი ბარიერის გათვალისწინებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტში მოხვდებიან შემდეგი პარტიები: „ლელო“, „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“.

რესპონდენტების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ „ქართული ოცნება“ ხალხს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონკრეტული გეგმისთვის მოსწონს, „ნაციონალური მოძრაობა“ – ძლიერი ლიდერების გამო, „ევროპული საქართველო“ კი – პროდასავლური ორიენტაციის გამო.

ამასთან, გამოკითხულთა 57%-ს არ სურს მმართველი პარტიის ზედიზედ მესამედ ხილვა საპარლამენტო უმრავლესობაში და ხელისუფლების შეცვლას ელოდება.

ყველანი არჩევნებზე

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე მოსახლეობის 94% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

რესპონდენტების 75% აცხადებს, რომ აუცილებლად მოიხდის მოქალაქეობრივ ვალს, 19% – „ალბათ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში“. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 3% „ალბათ არ წავა არჩევნებზე“. ამდენივე დარწმუნებულია, რომ ნამდვილად არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

ვინ გახდება პრემიერი?

რესპონდენტებს, რომლებიც ხელისუფლების შეცვლას ელოდებიან, სთხოვეს ოპოზიციის რიგებიდან დაესახელებინათ პრემიერ-მინისტრობის ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ. 

ნაცმოძრაობის ოფისი - Sputnik საქართველო
ბლოკმა „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

პირველ ადგილზე მოხვდა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელსაც გამოკითხულთა 25%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე 19%-იანი მხარდაჭერით გავიდა გიორგი ვაშაძე, მესამეზე კი 18%-ით – „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ თავის პრემიერობის კანდიდატად დაასახელა, 15%-ით ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

მაჟორიტარები თბილისში

Edisson Research-ს არც მაჟორიტარი კანდიდატები დაუტოვებია ყურადღების მიღმა. თბილისში, სადაც ოპოზიციამ ერთიანი ფრონტით ბრძოლა გადაწყვიტა, უკვე ნათელია, რომ დიდია მეორე ტურის ჩატარების ალბათობა, მაგრამ არა ყველასთვის.

განსაკუთრებით გამორჩეულია გლდანის ოლქი, სადაც დიდი სხვაობით ლიდერობს ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია. ვაკის ოლქში, სავარაუდოდ, გაიმართება მეორე ტური ოპოზიციის კანდიდატ ელენე ხოშტარიასა და მმართველი გუნდის კანდიდატ ნოდარ ტურძელაძეს შორის. დიდი ალბათობით, მეორე ტურში შეებრძოლებიან ასევე ერთმანეთს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის კანდიდატები მთაწმინდის ოლქში. 

ოლქი ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო ოპოზიცია
გლდანი ლევან კობიაშვილი – 33% ნიკა მელია – 52%
ვაკე ნოდარ ტურძელაძე – 37% ელენე ხოშტარია – 39%
მთაწმინდა ბექა ოდიშარია – 49% შალვა შავგულიძე – 36%

პირველი რეაქცია

გლდანის ოლქში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი ნიკა მელია: „მთავარი ფაქტორი, რომელმაც პირველ ტურში ოპოზიციის გამარჯვების შანსი გაზარდა – ერთობაა. ერთობა, რომელიც დაფიქსირდა გლდანის რაიონში, როდესაც ჩვენ ერთიან კანდიდატზე შევთანხმდით და ოპოზიციური პარტიების მთელი შტატი ერთ მაჟორიტარზე მუშაობს“.

პარტიის „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე: „მთავარი, რაც ამ კვლევამ აჩვენა, არის ის, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსი დაახლოებით ერთნაირია და თუ ოპოზიცია გონივრულად მოიქცევა და ჩვენ შევძლებთ ამომრჩეველს ავუხსნათ, რისი გაკეთება გვინდა და როგორ გვინდა შევცვალოთ ქვეყანა, ოპოზიცია გაიმარჯვებს“.

ოპოზიციის ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარია: „ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავარწმუნოთ ხალხი, რომელსაც ცვლილებები უნდა, რომ ეს არჩევნები არის ქვეყნის წინსვლისა და მათი ცხოვრების გაუმჯობესების შანსი. ჩვენ გვჭირდება დაცულობა და ეკონომიკური პერსპექტივები პანდემიის დროსაც კი“.

ყველა ახალი ამბავი
0