12:30 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (136)
64 0 0

ცესკო მაქსიმალურად სწავლობს სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც არჩევნები პანდემიის პირობებში ჩაატარეს.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რა იგეგმება რეგისტრაციიდან მოხსნილ, კონკრეტული მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ და რეგისტრაცია–ძალადაკარგულ ამომრჩეველთან დაკავშირებით – შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განმარტა.

საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლები საკუთარ არჩევანს ინდივიდუალური კალმით გააკეთებენ>>>

მისი თქმით, რეგისტრაციიდან მოხსნილ ან რეგისტრაცია–ძალადაკარგულ ამომრჩევლებს საერთო სიაში შეიყვანენ.

„რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია–ძალადაკარგული ამომრჩევლები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რაც შეეხება მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გვინდა მივმართოთ  ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სააგენტოს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით“, – განაცხადა მიქელაძემ. 

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად იმ მოქალაქეებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არ არის მითითებული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ იუსტიციის სახლის ფილიალებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, სადაც უნდა წარადგინონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და ციფრულ ფორმატში გადაიღონ ფოტოსურათი. 

ანა მიქელაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას საკარანტინო ზონებში მყოფი პირები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

„ჩვენ მომხრე ვართ, რომ საკარანტინო ზონებში მყოფ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეს, თუმცა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა“, – განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-მდივნის განმარტებით, ცესკომ 1 სექტემბერს გამართულ პირველივე სხდომაზე განსაზღვრა წესები, რომლებიც საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში მოქმედებს.

„საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იმართება. ამიტომაც ჩვენ გვაქვს საკმაო დრო, რათა შესაბამისად შემუშავდეს პროტოკოლი და ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდოს. საკარანტინო ზონებში შესაძლებელია გაიხსნას საარჩევნო უბანი, შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს გადასატანი საარჩევნო ყუთიც. ეს დამოკიდებულია რეგისტრირებული ამომრჩევლის რიცხვზე, თუ რა რაოდენობა იქნება განთავსებული საკარანტინო ზონებში“, – განაცხადა მიქელაძემ. 

გარდა ამისა, ცესკო მაქსიმალურად სწავლობს სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც არჩევნები უკვე ჩაატარეს პანდემიის პირობებში. ამ შემთხვევებში აუცილებელი პირობა იყო პირბადე – კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ ეძლეოდა ამომრჩეველს, რომელიც საარჩევნო უბანზე პარბადის გარეშე იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში ყველა საარჩევნო უბანი სამედიცინო პირბადეებით უზრუნველყოფილი იქნება.

ცესკო ასევე მუშაობს იმაზეც, რომ თითოეული ამომრჩეველი ინდივიდუალური ერთჯერადი კალმით უზრუნველყოს.

ამასთან, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის თერმოსკრინინგის თაობაზე საუბარი ჯერჯერობით არ მიდის.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოს მონაცემებით, ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (136)

მთავარი თემები