23:03 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (154)
76 0 0

გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა ხმის მიცემაზე სახლიდან საკუთარი კალმები მოიტანონ

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების დღეს ყველა ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებენ, ამის შესახებ ტელეარხ Palitra News-ის ეთერში განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ამომრჩევლებს სურვილისამებრ შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი კალმები, რომლებსაც თან იქონიებენ.

ეს ზომები შემოღებულია მოქალაქეთა დასაცავად კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.

„ამომრჩეველთა დაცულობის თვალსაზრისით ბევრ სხვადასხვა რამეზე ვფიქრობთ. სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც ხელის დამუშავებას ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოს და USAID-ის დახმარებით ყველა უბანზე გვექნება ხელმისაწვდომი. ამავდროულად ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცესკომ წინსწრებით მიიღო და ვფიქრობთ, ესეც მოწონებული იქნება, ინდივიდუალურ კალმებს ეხება. ვგეგმავთ, ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალური, არავის მოხმარებული რომ არ არის, ასეთი კალმები შევთავაზოთ. კალმები იქნება ერთგვაროვანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადად გამოყენებისთვის. სახლიდან თუ ვინმე წამოიღებს თავის კალამს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება ის გამოიყენოს“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ამასთან თამარ ჟვანიამ განმარტა, რომ სადეზინფექციო ხსნარები ვერ აშორებს მარკირების სითხეს, რომელსაც ამომრჩევლებს თითზე უბნის შესასვლელში უშუალოდ კენჭისყრის პროცედურამდე ასხამენ.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (154)

მთავარი თემები