23:38 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (139)
177 0 0

არასამთავრობო ორგანიზაციამ ივლისში მოსახლეობის შესაძლო მოსყიდვის რვა ფაქტი დააფიქსირა და ამას უკვე უწოდა „წინასაარჩევნო კამპანიის ტენდენცია“.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მიმდინარე წლის ივლისში წინასაარჩევნო კამპანიაზე დაკვირვების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც დააფიქსირა ისეთი დარღვევები, როგორიცაა მუქარა, მოსახლეობის მოსყიდვა და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ხოლო ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება. ამ ეტაპზე წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაწყებულა და, აქედან გამომდინარე, არ ამოქმედებულა ამ კამპანიის პერიოდში მოქმედი შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, ამომრჩევლის დასაჩუქრებაზე და ა.შ.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია შეზღუდვების შესაძლო დარღვევის ფაქტებს უკვე აღრიცხავს და ანგარიშს ყოველთვიურად წარმოადგენს.

ორგანიზაციის მონაცემებით, ივლისში მოსახლეობის შესაძლო მოსყიდვის რვა ფაქტი დაფიქსირდა. ამას ორგანიზაციამ უკვე უწოდა „წინასაარჩევნო კამპანიის ტენდენცია“. ამასთან, ამ შესაძლო მოსყიდვაში მონაწილეობდნენ როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ისე ოპოზიციური პარტიები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო საქართველოსთვის“.

მოსყიდვაში არასამთავრობო ორგანიზაცია გულისხმობს პარტიის ან კანდიდატის მხრიდან ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის პროდუქტების, ტანსაცმლისა და მედიკამენტების გადაცემას. ორგანიზაციამ ამ ჩამონათვალში ჩართო ასევე წყალდიდობისგან დაზარალებული რაჭის დახმარება და საქველმოქმედო აქცია ხანდაზმულთა სახლში.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე გამოავლინა შესაძლო მუქარებისა და ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესაძლო ხუთი შემთხვევა, ასევე პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლების ორი ფაქტი.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ფაქტების 99% რეგიონებში მოხდა და ჰქონდა ლოკალური ხასიათი.

არჩევნების ციებ–ცხელება: გუბერნატორები თანამდებობებს ტოვებენ>>

წინასაარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ორგანიზაციამ, ანგარიშის შედეგებით, ჯერჯერობით პარტიებს ურჩია, თავი შეიკავონ ქველმოქმედებისა და საჩუქრებისგან, ხოლო რეგიონულ ხელისუფლებებს მოუწოდა, დაიცვან ნეიტრალიტეტი დახმარების გამოყოფის, საკადრო გადაადგილებებისა და ახალი კადრების დანიშვნის დროს.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (139)

მთავარი თემები