ქვეყანა დატოვეთ ან ჯარიმა გადაიხადეთ: საქართველო არალეგალებს პირობებს უყენებს

გამოწერა
უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადებს დაარღვევენ, ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. უცხოეთის მოქალაქეებს, რომელთაც ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურათ, დაეკისრებათ ჯარიმა 180 ლარის ოდენობით, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის „ცხელ ხაზზე“. 

უცხოელები თბილისში - Sputnik საქართველო
წასვლის დროა: საქართველოში უცხოელების ყოფნის ვადა ამოიწურა

უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი ყოფნის საშეღავათო პერიოდი 1 აგვისტოს დასრულდა. იგი 14 მარტიდან 31 ივლისამდე მოქმედებდა.

„საშეღავათო პერიოდის ვადის ამოწურვის გამო უცხოეთის მოქალაქეების ეს კატეგორია უკვე არალეგალებად ითვლებიან. თუ ისინი ქვეყანას კიდევ სამი თვის განმავლობაში არ დატოვებენ, მათ ჯარიმის ოდენობა გაუორმაგდებათ და 360 ლარის გადახდა დაეკისრებათ“, – განაცხადეს სასაზღვრო პოლიციაში.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ უცხოეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყანაში ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება შეიტანონ, რომელიც განიხილება.

„ჩვენ გარანტიის მოცემა არ შეგვიძლია, რომ იგი დაკმაყოფილდება“, – განაცხადა განაცხადა „ცხელი ხაზის“ ოპერატორმა.

უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნის ვადა სხვადასხვაა. მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებისთვის იგი ერთ წელს შეადგენს.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის ვადით გამოაცხადა. ქვეყანამ სრულად შეწყვიტა ავიამიმოსვლა და საზღვრები დაკეტა უცხოელებისთვის.

მოგვიანებით საქართველოში საგანგებო რეჟიმის ვადა გაგრძელდა და ის 23 მაისს გაუქმდა, თუმცა საზღვრები კვლავ ჩაკეტილი დარჩა, რეგულარული საერთაშორისო ავიარეისები კი სექტემბრის დასაწყისამდე გადაიდო.

ამასთან, ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით ჩარტერული რეისები განახორციელა. ბევრ ქვეყანას მოქალაქეები სახმელეთო გზით გაჰყავდა.

გარდა ამისა, არც ერთ ქვეყანას საზღვრები საკუთარი მოქალაქეებისთვის არ ჩაუკეტავს.

ყველა ახალი ამბავი
0